დღეს, 25 ნოემბერს, 15:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" გენერალური მდივნის, ეკა ბესელიას შვილის, რატი მილორავასა და ძმის, სერგო ბესელიას საქმის განხილვა განახლდება.
ამჯერად სასამართლო განიხილავს დაზარალებული ჯაფარიძეების, მისი მეუღლის ქობულაძისა და ინციდენტში მონაწილე მოწმეების ჩვენებებს. აღნიშნული საქმის განხილვა 26 და 27 ნოემბერსაც გაგრძელდება.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ რატი მილორავასა და სერგო ბესელიას საქმე 18 ნოემბერს განიხილა.
პროცესზე, ძირითადად, განიხილებოდა დაცვის მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობები.
სასამართლო პროცესზე განხილული იყო მოწმეების დაკითხვისა და მტკიცებულებების გამოთხოვნის შუამდგომლობა; ასევე აღმკვეთი ღონისძიების შეცვლა, როგორც სერგო ბესელიას, ისე რატი მილორავას მიმართ, თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა აღნიშნული შუამდგომლობა, რომელსაც, მხარს არ უჭერდა ბრალდების მხარე.
მოსამართლემ არ დააკმაყოფილა არც დაცვის მოთხოვნა გამომძიებლების ოქროპირიძის, გოგიტიძის და პროკურორის დავითაშვილის დაკითხვასთან დაკავშირებით.
ადვოკატების განცხადებით, აღნიშნულ პირთა დაკითხვა იყო მნიშვნელოვანი, რადგან მთელი გამოძიება, რომელიც ფალსიფიცირებულ, გაყალბებულ და კანონის მოთხოვნების დარღვევით მიღებულ მტკიცებულებებზეა დაფუძნებული, სწორედ, ამ ადამიანების გამომძიებლებისა და პროკურორის მიერაა ჩატარებული, რის შედეგად, სერგო ბესელიასა და რატი მილორავა განსასჯელის სკამზე აღმოჩნდნენ.
ერთადერთი შუამდგომლება, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა, იმ მოწმეების დაკითხვაა, რომლებიც 2009 წლის 19 აგვისტოს უშუალოდ მონაწილეობდნენ ინციდენტში.