უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამშვიდობო სამიტზე შეთანხმებული სამოქმედო გეგმა მიეწოდება რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს, რათა ომის რეალური დასასრული დაფიქსირდეს მეორე სამშვიდობო სამიტზე.
ამის შესახებ მან გლობალური მშვიდობის სამიტის პირველ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
"რუსეთი ახლა აქ არ არის. რატომ? იმიტომ, რომ რუსეთი რომ იყოს დაინტერესებული მშვიდობით, ომი არ იქნებოდა. ჩვენ ერთად უნდა გადავწყვიტოთ რას ნიშნავს სამართლიანი მშვიდობა მსოფლიოსთვის და როგორ შეიძლება მიღწეული იქნეს ჭეშმარიტად ხანგრძლივი გზით. გაერო-ს წესდება არის საფუძველი ჩვენთვის.
შემდეგ კი, როცა სამოქმედო გეგმა დაიდება მაგიდაზე, ყველასთან შეთანხმებული და ხალხებისთვის გამჭვირვალე, მაშინ იგი მიეწოდება რუსეთის წარმომადგენლებს, რათა მეორე სამშვიდობო სამიტზე დავაფიქსიროთ ომის რეალური დასასრული“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სამიტს 101 სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაცია ესწრება.
„ჩვენ შევძელით თავიდან აგვეციებინა ერთ-ერთი ყველაზე საშინელი რამ - მსოფლიოს დაყოფა დაპირისპირებულ ბლოკებად. არიან წარმომადგენლები ლათინური ამერიკიდან, აფრიკიდან, ახლო აღმოსავლეთიდან, აზიიდან, წყნარი ოკეანის რეგიონიდან, ჩრდილოეთ ამერიკიდან, რელიგიური ლიდერები. 101 მონაწილე. და არავის აქვს პრივილეგია გადაწყვიტილების მიღების, ეს არის ნამდვილი მრავალპოლარულობა“, - თქვა მან.
ზელენსკიმ დასძინა, რომ ყველა სახელმწიფო, რომელიც არ არის წარმოდგენილი სამიტზე, მაგრამ რომელიც იზიარებს იგივე ღირებულებებს მოქმედებებში და სიტყვებში, შეძლებს შეუერთდეს მუშაობას მშვიდობის ფორმულის შემდგომ ეტაპებზე“.
„ომის იდეა უკვე წაგებულია. პუტინი ულტიმატუმების ენიდან მსოფლიო უმრავლესობის ენაზე უნდა გადავიდეს, უმრავლესობის, რომელსაც სურს სამართლიანი სამყარო“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.