სალომე ზურაბიშვილი ირიბ საარჩევნო კამპანიას ეწევა, ევაჭრება ოპოზიციას, რომ რა მხარდაჭერასაც ახლა გიწევთ, თქვენი გამარჯვების შემთხვევაში, პრეზიდენტად დატოვებაში კონვერტირდესო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„პირველი არჩევნების დროსაც მოსახლეობაში იყო გარკვეული დაბნეულობა სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მიმართ, მაგრამ მაშინ „ქართულმა ოცნებამ“ მხარი დაუჭირა და ამ მხარდაჭერამ მეორე ტურში თავისი შედეგი გამოიღო. საჭირო გახდა, „ქართული ოცნების“ სახეები და ლიდერები ყოფილიყვნენ ბანერებზე, რათა მოსახლეობას იდენტიფიკაცია გაეკეთებინა სალომე ზურაბიშვილის, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის, რომელსაც „ქართული ოცნება“ უჭერდა მხარს. აქედან გამომდინარე, დღეს შეიძლება ითქვას, რომ სალომე ზურაბიშვილმა დაკარგა ის ამომრჩეველი, რომელმაც აირჩია.
რაც შეეხება მომავალ არჩევნებს, იცით, რომ აღარ არის საყოველთაო, სახალხო. პრეზიდენტის არჩევა ხდება ხმოსანთა მიერ, რომელიც კომპლექტდება პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულოების წევრებისაგან. აქედან გამომდინარე, მომავალი პრეზიდენტის ბედი დამოკიდებულია, როგორი იქნება მომავალი პარლამენტის შემადგენლობა. სალომე ზურაბიშვილის შანსები მინიმუმს ქვემოთ არის, მიუხედავად იმისა, რომ ლაზარე გრიგორიადისი მას მხარს უჭერს. როგორც ვხედავთ, სალომე ზურაბიშვილი ირიბ საარჩევნო კამპანიას ეწევა, ის ევაჭრება ოპოზიციას – თუ გაიმარჯვებთ, მხარდაჭერა, რასაც ახლა გიწევთ, კონვერტირდეს ჩემს პრეზიდენტად დატოვებაში და ხელახლა უკვე ხმოსანთა არჩევაშიო.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთხელ გაიგო სალომე ზურაბიშვილის არსი, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. შემდეგ შეაფასა სალომე ზურაბიშვილი, როცა ის „ქართულმა ოცნებამ“ ჯერ დეპუტატი გახადა და მაშინაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს დაუპირისპირდა, შემდეგ უკვე შეაფასა, როგორც პრეზიდენტი. ამიტომ, ვფიქრობ, თავისი სტატუსიდან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილის მდგომარეობა არის ერთჯერადი გამოყენების. მასთან დაკავშირებით ლაზარეს გარდა, ხანგრძლივი, შორსმიმავალი გეგმები არავის აქვს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.