გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ გამორიცხავს უკრაინაში გერმანელი სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობას.
ამის შესახებ პისტორიუსმა ბუნდესთაგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან უარყო, რომ გერმანიის მთავრობა განიხილავს გერმანიიდან უკრაინაში სამხედროების გაგზავნას. თუმცა თქვა, რომ მას სურს გააძლიეროს გერმანელი ჯარისკაცების სამხედრო მზადყოფნა რუსეთიდან მომდინარე საფრთხის გამო.
„გერმანია არ აპირებს უკრაინაში სამხედროების გაგზავნას, თუმცა გერმანიის არმია 2029 წლისთვის მზად უნდა იყოს ომისთვის. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, როგორც შემაკავებლებმა, რათა თავიდან ავიცილოთ ყველაზე უარესი. საგანგებო სიტუაციებში გვჭირდება ძლიერი ახალგაზრდა ქალები და მამაკაცები, რომლებსაც შეუძლიათ, დაიცვან ეს ქვეყანა“, – აღნიშნა პისტორიუსმა.
ამასთან, პისტორიუსმა თქვა, რომ საჭიროა "სამხედრო სამსახურის ახალი ფორმა", რომელიც არ შეიძლება იყოს "სრულიად თავისუფალი ვალდებულებისგან".
გერმანიამ 2011 წელს გააუქმა სავალდებულო სამხედრო სამსახური.
მედია წერს, რომ პისტორიუსმა, შესაძლოა, უახლოეს მომავალში გამოვიდეს წეინადადებით, მისი აღდგენის შესახებ. გერმანიის პარლამენტში უკვე იყო წინადადებები რუსეთის მხრიდან საფრთხის გამო 900 ათასი რეზერვისტის გამოძახების შესახებ.