ძალიან მალე იქნება სანქციები. მაქვს ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნების“ კონკრეტული წარმომადგენლების ოჯახის წევრებს უკვე მისდით შეტყობინებები ვიზების გაუქმების შესახებ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ინფორმაცია მალე გავრცელდება.
„რა თქმა უნდა, კონკრეტულად არაფრის დასახელებას არ ვაპირებ, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების ვიზების გაუქმებაზე ინფორმაცია ძალიან მალე მიუვა „ქართული ოცნებიდან“ ყველა ადამიანს, ვისაც საჭიროდ ჩათვლის სახელმწიფო დეპარტამენტი. სანქციები დაეკისრება ყველას, ვინც მონაწილეობს ძალადობაში და აორგანიზებს ძალადობას. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და სახელმწიფო დეპარტამენტმა კონკრეტულად თქვეს, რომ რუსული კანონის მოქმედებაში შესვლასთან დაკავშირებით, 84-ვე დეპუტატს მიუვა შეტყობინებები და ეს იქნება მოგზაურობის შეწყვეტაზე კონკრეტული სანქცია. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ასეთი შეტყობინებები რამდენიმეს უკვე მიუვიდა, მალე მიუვა ძალიან ბევრს, მათ და მის ოჯახის წევრებს, რომ ვიზის შეწყვეტასა და გაუქმებაზე შეტყობინება მიუვიდეს აშშ-ის საელჩოებიდან და საკონსულოებიდან,“ - ამბობს დეკანოიძე.