„ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო დეკლარაცია, სადაც საქართველოს ხელისუფლებას კატეგორიულად მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაიწვიოს ე.წ. აგენტების კანონი. საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ინიციატივით, ბიურომ და ნატო-ს წევრმა ყველა ქვეყანამ საქართველოს ხელისუფლებას ასევე მოუწოდა გაიწვიოს აღნიშნული კანონი“, - განაცხადა ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარემ თინათინ ბოკუჩავამ.
მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს საერთაშორისო პარტნიორები ან საერთოდ აღარ ხვდებიან ან ხვდებიან მხოლოდ იმიტომ, რომ იმ მძიმე შედეგების შესახებ გააფრთხილონ, რომელიც ელოდება ყველას, ვინც საქართველოს დემოკრატიას უთხრის ძირს.
„დღეს პრეზიდენტი ზურაბიშვილის ვეტოს გათვალისწინება არის კანონის გაწვევის უკანასკნელი შანსი. მინდა უმრავლესობას უკანასკნელად მივმართო დღეს - დღევანდელი დღე არის ბოლო შესაძლებლობა თითოეული თქვენგანისთვის, რომ ერთი მხრივ, თავი გადაირჩინოთ პერსონალური სანქციებისგან და მეორე მხრივ, ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანს აარიდოთ უდიდესი დარტყმა. თითოეულ თქვენგანს აქვს არჩევანი ქვეყნის ინტერესების დაცვასა და ვერშემდგარი დიქტატორის, ივანიშვილის მონურ მსახურებას შორის. თითოეულ თქვენგანს აქვს არჩევანი თავისუფლებასა და მონობას შორის. დღეს არის არჩევანი თქვენს წინაშე - რუსი ოლიგარქის რუსული კანონის დაცვა საქართველოს რუსეთთან პირისპირ დატოვების მიზნით, თუ საქართველოს ევროპული მომავლის გადარჩენა. ეს არის ის არჩევანი, რომლის წინაშეც თითოეული თქვენგანი დღეს დგას. შანსი აღარ მოგეცემათ, რომ არ ჩაიწეროთ ქვეყნის უახლეს ისტორიაში როგორც მოღალატეები. არ არსებობს იმაზე მძიმე განაჩენი, ვიდრე შენს ხალხს და ისტორიას გამოაქვს, ღალატის დამღით ივლით დარჩენილი ცხოვრება. საქართველო მაინც გაიმარჯვებს.
ივანიშვილის პოლიტიკური სამარე გათხრილია და თქვენ რომ შეგეძლოთ გამოსვლა და დადგომა გვერდით ახალგაზრდებთან, ამას საკუთარი თვალით დაინახავდით. ჩახედავდით ივანიშვილის პოლიტიკურ სამარეს თვალებში. არჩევანი თქვენზეა- ჩაყვებით ივანიშვილს პოლიტიკურ სამარეში, თუ არა,"- თქვა ბოკუჩავამ „ქართული ოცნების“ მისამართით, რასაც პაპუაშვილის რეპლიკა მოჰყვა: "ზედმეტად ნეკროფილური გამოსვლა იყო."