გაეროს გენერალური ასამბლეის დელეგატების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა პალესტინისთვის გაეროში სრულუფლებიანი წევრობის მინიჭებას.
კენჭისყრაზე, რომელიც 10 მაისს გაიმართა, რეზოლუციას მხარი დაუჭირა 143-მა ქვეყანამ, 25-მა თავი შეიკავა, მათ შორის, საქართველომ, 9 - წინააღმდეგ წავიდა.
ისრაელის წარმომადგენელმა გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე, პროტესტის ნიშნად, გაეროს წესდება ნაკუწებად აქცია.
რეზოლუციის მისაღებად საჭიროა წევრი ქვეყნების ორი მესამედის მხარდაჭერა.
გარდა ამისა, რეზოლუცია მიმართავს გაეროს უშიშროების საბჭოს, დადებითად გადაწყვიტოს საკითხი, რომელიც უკვე დაისვა საბჭოს სხდომაზე 19 აპრილს, თუმცა გადაწყვეტილება აშშ-მა ვეტოს გამოყენებით დაბლოკა.
იმისათვის, რომ პალესტინა გახდეს გაეროს სრულუფლებიანი წევრი, საჭიროა გაეროს უშიშროების საბჭოს თანხმობა.
გენერალურ ასამბლეაზე კენჭისყრამდე გაეროში აშშ-ის მისიის სპიკერმა, ნეიტ ევანსმა განაცხადა, რომ ამერიკელი წარმომადგენლები აპირებენ ვეტოს ხელახლა გამოყენებას, თუ საკითხი კვლავ უშიშროების საბჭოში დაბრუნდება.
გაეროში სრული წევრობა პალესტინელებისთვის პალესტინის სახელმწიფოს დე ფაქტო აღიარებას ნიშნავდა.
თავდაპირველად, პალესტინის განაცხადი გაეროში მიღების შესახებ, ჯერ კიდევ 2011 წლის ნოემბერში იქნა უარყოფილი ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს პოზიციის გამო. მომდევნო წელს გაერომ, შეერთებული შტატების წინააღმდეგობის მიუხედავად, პალესტინელებს დამკვირვებლის სტატუსი მიანიჭა. 2024 წლის აპრილში შეერთებულმა შტატებმა გამოიყენა ვეტო და დაბლოკა ალჟირის რეზოლუციის პროექტი, რომელიც რეკომენდაციას უწევდა პალესტინის მიღებას ორგანიზაციის სრულ წევრად.