საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, მორიგი განცხადება გაკეთდა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, ვაშინგტონი უკიდურესად შეშფოთებულია ანტიდასავლური რიტორიკით, რომელიც "ქართული ოცნების" ლიდერების მხრიდან გაისმის.
"როგორც უკვე მანამდე განვაცხადეთ, ჩვენ უკიდურესად შეშფოთებულები ვართ არამხოლოდ კანონპროექტის განხილვით, რომელიც საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს, არამედ ანტიდასავლური რიტორიკით, რომელიც "ქართული ოცნების" ლიდერების მხრიდან გაისმის. ვფიქრობთ, რომ ეს საქართველოს საეჭვო ტრაექტორიაზე აყენებს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის წინსვლას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. აშკარაა, რომ ეს საფრთხეს უქმნის ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებსაც", - თქვა მილერმა.
სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტმა მეთიუ მილერს ასევე ჰკითხა "ქართული ოცნების" ახალი ინიციატივის შესახებ, რომელიც მათთან დაპირისპირებული მოქალაქეების მონაცემთა ბაზის შექმნას გულისხმობს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მილერმა კომენტარი არ გააკეთა.