ლიეტუვის პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას განცხადებით, იგი არ უჭერს მხარს ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრის მოწოდებას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შეჩერების შესახებ.
მისი თქმით, ასეთი ნაბიჯი გამოიწვევს სამოქალაქო საზოგადოების იმედგაცრუებას, რომელიც ახლა მთავრობის პოლიტიკას აპროტესტებს.
"კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ერთი საფეხურია ევროინტეგრაციის კიბეზე. მე არ ვფიქრობ, რომ ახლა უნდა წამოვიწყოთ ისეთი რამ, რაც საქართველოს უკან დახევს, რადგან ეს, ალბათ, სამოქალაქო საზოგადოების დიდ იმედგაცრუებას გამოიწვევს, რომელიც ამჟამად ქუჩაში გამოდის და პროტესტს გამოხატავს", - თქვა ნაუსედამ.
ლიეტუვის პრეზიდენტის განცხადებით, უცხოეთის აგენტების კანონი ნიშნავს "რუსული კულტურის, რუსული მოდუს ოპერანდის ქართულ სივრცეში გადატანას".
"ის [კანონი] უკან ხევს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ამ კანონის მიღებით ისინი რეალურად უკან წავლენ. ყველა ეს სიგნალი გაიგზავნა", - განაცხადა პრეზიდენტმა.
"საქართველოს ინტეგრაცია შეჩერდება და შესაძლოა დეგრადაციაც კი დაიწყოს, თუ მთავრობა გონს არ მოეგება", - დასძინა მან.
მისივე თქმით, ის იმედოვნებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება თავის გზაზე დარჩება.
"მათ [სამოქალაქო საზოგადოებას] აქვთ გადაწყვეტილი, უპასუხონ ამ სახის მცდელობებს და ევროპა უნდა დაეხმაროს მათ ამაში", - განაცხადა პრეზიდენტმა.
"საქართველოს შანსი აქვს, საქართველოს დღეს აქვს შანსი.. ასე რომ, მივცეთ საქართველოს საშუალება იცხოვროს ისე, როგორც ცხოვრობს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საშუალება მივცეთ მის სამოქალაქო საზოგადოებას იმოქმედოს," - დასძინა ნაუსედამ.