"რადიო თავისუფლების" უკრაინულმა ბიურომ გაარკვია, ევროკავშირის რომელი ექვსი ქვეყანა გაგზავნის რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ინაუგურაციაზე თავიანთ წარმომადგენლებს. მანამდე ცნობილი იყო შვიდი ქვეყნის შესახებ, თუმცა ერთმა სახელმწიფომ ბოლო მომენტში გადაიფიქრა.
გამოცემის თანახმად, პუტინის ინაუგურაციას დაესწრებიან მოსკოვში მყოფი საფრანგეთის, საბერძნეთის, კვიპროსის, მალტის, უნგრეთისა და სლოვაკეთის დიპლომატები.
ბოლო მომენტში ღონისძიებაზე თავისი წარმომადგენლის გაგზავნა გადაიფიქრა ბელგიამ.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელი პუტინის ინაუგურაციის ცერემონიაზე ევროკავშირის წარმომადგენლების დასწრებას ეწინააღმდეგება.
ინაუგურაციის შემდეგ, რუსეთის მოქმედი მთავრობა გადადგება. ამის შემდეგ, პუტინი ორი კვირის ვადაში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს წარუდგენს სახელმწიფო სათათბიროს.
რუსეთში საპრეზიდენტი არჩევნები 15-17 მარტს ჩატარდა. რუსეთის ცესკოს ოფიციალური მონაცემების თანახმად, პუტინმა არჩევნებში 87,28% მიიღო. დასავლეთმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა არჩევნები შეაფასეს როგორც უსამართლო და არათავისუფალი.