წუხილი არასამთავრობო სექტორის ფინანსების გაუმჭვირვალობაზე არის არა მხოლოდ ფარისევლობა და მამალი ტყუილი (ასე გამჭვირვალე მთავრობის ხარჯები არ არის), არამედ რუსული პროპაგანდისტული ნარატივის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრი დავით ზურაბიშვილი წერს.
დავით ზურაბიშვილი წერს, რომ რუსული კანონი არის დამოუკიდებელი საზოგადოების დევნის იარაღი.
„რატომ არის რუსული კანონი რუსული?
ა) იმიტომ, რომ როგორც ამერიკული fara, ისე ფრანგული კანონი უცხოური გავლენის აგენტებზე მიმართულია რუსული და ჩინური გავლენების წინააღმდეგ, მაშინ როცა ქართული კანონპროექტის სამიზნე არის ამერიკული და ევროპული ფონდებიდან დაფინანსებული არასამთავრობო სექტორი და მედია, რისი ანალოგიც არის რუსეთის კანონმდებლობა. კიდევ უნგრულიც იყო, მაგრამ ორბანს გააუქმებინა ევროკავშირმა.
ბ) ამ კანონპროექტის შესახებ დასავლეთიდან იყო, არის და კიდევ იქნება მხოლოდ კრიტიკული გამოხმაურება, მაშინ როცა რუსეთიდან არ მალავენ მხარდაჭერას. ცოტა კომიკურია, როცა იძახი კანონი ამერიკულიაო და ამერიკელები გეუბნებიან, ეგეთი კანონი ჩვენ არ გვაქვს, რუსეთში მოიკითხე მსგავსიო.
გ) წუხილი არასამთავრობო სექტორის ფინანსების გაუმჭვირვალობაზე არის არა მხოლოდ ფარისევლობა და მამალი ტყუილი (ასე გამჭვირვალე მთავრობის ხარჯები არ არის), არამედ რუსული პროპაგანდისტული ნარატივის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი, ისევე როგორც რუსული პროპაგანდის ტიპიური მიდგომაა არასამთავრობო სექტორის ("მდიდარი ენჯეოების") დადანაშაულება "რადიკალური ოპოზიციის" მხარდაჭერასა და სხვა ძირგამომთხრელ საქმიანობაში. ანალოგია რუსეთთან აქ პირდაპირია და ბოდიში ამ სიტყვაზე და, გამჭვირვალე. არადა რა ენჯეოების სიმდიდრეზეა ლაპარაკი, როცა მარტო ნინო წილოსანის მამა ჩაისვამს ჯიბეში მთელი არასამთავრობო სექტორის ფინანსებს და კიდევ ის დეპუტატი, ხალხს შივაო რომ იძახდა, მაგრამ ამათ ვინ უთვლის?
ისე კი ეს კანონი, გინდ რუსული დაუძახე მას, გინდ ქართული, გინდ ფრანციცული და გინდ ლემენცური, ყველა ვარიანტში არის ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების დევნის და შევიწროების იარაღი, ანუ მარტივი ენით, რომ ვთქვა, ყველა ვარიანტში მავნებლობაა, რამდენჯერაც არ უნდა გამორთოს პაპუაშვილმა პარლამენტში მიკროფონი სიტყვა "რუსულის" ხსენებაზე“, - წერს ზურაბ დავითაშვილი.