„საქართველო ფორმაშია არა მხოლოდ ფეხბურთში, არამედ ბევრი სხვა მიმართულებით, რაც არის იმის დამსახურება, რომ ქვეყანას აქვს პროგრესი და ამ პროგრესს ხედავს ჩვენი საზოგადოება და ხედავენ ჩვენი პარტნიორებიც“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ქართველ ფეხბურთელებს გამარჯვება მიულოცა, ხოლო ოპოზიციას „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მიღწეული წარმატებები შეახსენა.
მისი თქმით, დარბაზში დასმულ ყველა საკითხზე საქმიანი პასუხები არსებობს, თუმცა ოპოზიციას ამის მოსმენა არ შეუძლია, ვინაიდან არც ერთი პოლიტიკური დებატის დროს დარბაზში არ რჩება.
„ტყუილად წუწუნებენ აქ და წუხან, რომ პასუხები ვერ მოისმინეს. მსურს, რომ ეს პასუხები, რომლებიც ამ დარბაზში არაერთხელ ითქვა, კიდევ ერთხელ მოგასმენინოთ:
სოციალურად დაუცველთა ბაზა თუ გაიზარდა, გაიზარდა იმიტომ, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, შევცვალეთ წესი, როდესაც სოციალურად დაუცველი მოქალაქე თუ სამსახურს იპოვის, ამის გამო მას არ ეხსნება სოციალური დახმარება.
ჩვენ რა გავაკეთეთ? 5-ლარიანი დახმარება სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის, რომელიც თქვენ გქონდათ, გავზარდეთ და დღეს ეს არის 200 ლარი თითოეულ ბავშვზე. ჯანდაცვა, რომელიც თქვენ ბიზნესად გადააქციეთ და 2-3 მართლა მონოპოლიურ კარტელს ჩაუდეთ ჯიბეში, ჩვენ დავუბრუნეთ მოქალაქეებს და დღეისთვის 10, 6 მილიონი სამედიცინო შემთხვევა აქვს სახელმწიფოს დაფინანსებული, თითოეული ღირს არანაკლებ 1500 ლარი და ზოგიერთი ათიათასობით ლარიც კი.
პენსიებს რაც შეეხება - 100 ლარი იყო პენსია, როდესაც ჩვენ ჩავიბარეთ ხელისუფლება და დღეს 320-დან 415 ლარის ფარგლებში გაიცემა.
ჩვენ შევქმენით 245 ათასი სამუშაო ადგილი და თქვენ ატყუებთ საზოგადოებას და შეურაცხყოფას აყენებთ დამსაქმებლებს, როდესაც ასახელებთ იმ რიცხვებს, რომლითაც სპეკულირებთ და პოპულიზმს მიმართავთ.
თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გაფორმდა ევროკავშირთან, შარშან საქართველომ 700 მილიონი ევროს შემოსავალი მიიღო ექსპორტის შედეგად“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის შეფასებით, მოქალაქეები სინამდვილეში „ნაცმოძრაობამ“ გაწირა მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ვინაიდან მათ ეკუთვნის ემიგრაციის რეკორდი.
„ემიგრაციის რეკორდი თქვენ გეკუთვნით, თან მაშინ როდესაც უვიზო რეჟიმი არ ჰქონდა საქართველოს და უვიზო რეჟიმი რომ გვქონოდა 2- 3-ჯერ მეტი ადამიანი დატოვებდა ქვეყანას თქვენი ხელისუფლების პირობებში. მოქალაქეები გაწირეთ თქვენ, როდესაც 300 ათასი ადამიანი გაატარეთ თქვენ პენიტენციური სისტემის უმძიმეს ტერორში და დღესაც ძალიან ბევრს არ შეუძლია ნორმალურად შეასრულოს თავისი ეკონომიკური თუ სოციალური ფუნქციები, რადგან დაუზიანეთ ჯანმრთელობა, ფსიქიკა. თქვენ გაწირეთ ჯარისკაცები, რომლებიც მიატოვეთ ბრძოლის ველზე, თქვენ გაწირეთ პენსიონერები, როდესაც „ღიმილიან საქართველოში“ გყავდათ ჩართული, გაწირეთ პაციენტები, როდესაც ჯანდაცვა აქციეთ ბიზნესად, გაწირეთ ჟურნალისტები, როდესაც რეიდები ჩაატარეთ და დააპატიმრეთ, ვისაც განსხვავებული აზრი ჰქონდა. კიდევ შეგვიძლია გავზარდოთ ეს ჩამონათვალი. თქვენ გაწირეთ მოქალაქეები და რომ არა ჩვენი ხელისუფლება, რომ არა ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელმძღვანელობით გატარებული დემოკრატიული რეფორმები, დღემდე საქართველო იქნებოდა იმ კოშმარში, რომელშიც თქვენი ხელისუფლების დროს იყო. ამიტომ პოპულიზმს დაანებეთ თავი, მოინდომეთ უფრო მეტად და ჩაერთეთ დებატებში, სადაც მოისმენთ უფრო მეტ არგუმენტებს. საქართველოს დღეს აქვს დაცული მშვიდობა, აქვს ეკონომიკური ზრდა და აქვს ევროკავშირის წევრი კანდიდატობის სტატუსი და ეს ყველაფერი ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხდა მაშინ, როდესაც თქვენ დაასამარეთ ყველაფერი ევროპული ამ ქვეყანაში“, - მიმართა ოპოზიციას არჩილ თალაკვაძემ.