შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში, თოვლის მასაში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი, ინტენსიური საძიებო სამუშაოების შედეგად იპოვეს.
უწყების ცნობით, სამუშაოებში ჩართული იყო 200-მდე მეხანძრე-მაშველი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, სამაშველო დრონები, კინოლოგთა სამსახური და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები.
გარდაცვლილის ცხედარი მაშველების მიერ ამოყვანილია თოვლის მასიდან და მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები.
გავრცელებული ცნობებით, 48 წლის დიმიტრი გოგოლაძე მეგობრებთან ერთად თოვლმავალით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მთას თოვლის მასა მოწყდა და მოიყოლა. ის ბაკურიანში ცნობილი „ამირანის პარკის“ და სასტუმროს მფლობელია.