„დღეს წარმოუდგენელი მოცულობის დეზინფორმაცია მოვისმინეთ ამ ტრიბუნიდან. „სტრატეგია აღმაშენებელი“ და სხვა ოპოზიციონერები პირდაპირ „ნიანგის ცრემლებით“ საუბრობდნენ ემიგრაციასთან დაკავშირებით. თქვენ ასე გაღიზიანებულები და აგრესიულები საგარეო საქმეთა სამინისტროს და ზოგადად, საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართ იმიტომ ხართ, რომ თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს საქართველოს არ ჰქონია, პრაქტიკულად, არც ერთი აღიარებული წარმატება ევროინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ ინტერპელაციის წესით საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის გამოსვლის შემდეგ.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, წინა ხელისუფლებამ ქვეყანაში დაასამარა ყველაფერი ევროპული - კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და თავისუფალი მედია, ასევე, დაატერორა ეკონომიკა და ფეხქვეშ გათელა საკუთრების უფლება.
„თქვენ დღეს გაღიზიანებული ხართ საგარეო საქმეთა სამინისტროზე და საგარეო პოლიტიკაზე იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საზოგადოების მხარდაჭერით შეძლო აღიარებული წარმატებების მიღწევა ევროინტეგრაციის გზაზე. ეს იყო - ასოცირების შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და კანდიდატის სტატუსი, რომელიც ახლა მიიღო ქვეყანამ. ბრიუსელიდან, მსოფლიო დონის პოლიტიკოსებმა, ევროკავშირის და ნატო-ს ლიდერებმა ბატონი ირაკლი კობახიძის ვიზიტის დროს პირდაპირ გასცეს პასუხი მათ და გასცეს ის პასუხი, რასაც ჩვენ ვეუბნებოდით ამ წლების განმავლობაში - საქართველო მიდის სწორი მიმართულებით, საქართველოში რეფორმები არის ევროპული რეფორმები და საქართველო დღეს არის უფრო ევროპული სახელმწიფო, უფრო თავისუფალი, უფრო თანამედროვე სახელმწიფო, ვიდრე ყოფილა ოდესმე“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.