ფასებთან დაკავშირებით პროპაგანდა ვერ იმუშავებს. ყალბი, თაღლითი ადამიანები ხალხს ელაპარაკებიან იმაზე, რასაც თავიანთი მმართველობის პერიოდში ყურადღებას არ აქცევდნენ, მათ როზნერი წარმატებას ვერ მოუტანს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
„ფასების პრობლემაზე აპელირებენ ის ადამიანები, რომლებიც ნულოვანი სოციალური დახმარებით ედგნენ მხარში საზოგადოებას. ხალხს მინიმალური ჰქონდათ ხელფასიც, შემოსავალიც და სოციალური დახმარების პაკეტი საერთოდ ნულოვან დონეზე იყო.
კვლევა გვიჩვენებს, რომ მსოფლიო ფასებთან შედარებით, საქართველოში საკმაოდ შეღავათიანი მდგომარეობაა. ეს პრობლემის არარსებობაზე არ მიუთითებს, მაგრამ გადახედეთ, რამხელა შეღავათები აქვთ მედიკამენტების, ჯანდაცვის, სასკოლო და საბავშვო ბაღის, უმაღლესი განათლების კუთხით. უამრავის ჩამოთვლა შეიძლება, რითაც სახელმწიფო საზოგადოებას ეხმარება, გვერდით უდგას.
ეს ადამიანები მილიონებს ხარჯავენ რეკლამისთვის და არცერთს არასდროს, არანაირი მონაწილეობა არ აქვს მიღებული საზოგადოებისთვის რაიმე სიკეთის გაკეთებაში. მსოფლიოში ეკონომიკური პრობლემები რომ არსებობს, ნათელია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა არის ისიც, თითქოს მათ დაიწყეს ამ თემაზე საუბარი. „ქართული ოცნება“ რაც ხელისუფლებაში მოვიდა, მას შემდეგ იქმნება სამუშაო ადგილები, ხორციელდება უშველებელი სოციალურ-ეკონომიკური პროექტები, საზოგადოებას შეუძლია, სერიოზულად იფიქროს ბიზნესის განვითარებაზე. ამ ყველაფერს ხომ უნდა გაუწიო ანგარიში, როდესაც ასეთ უტიფარ გადაწყვეტილებას იღებ, როზნერი იქნება თუ ნებისმიერი სხვა. დარწმუნებული ვარ, ამ სახის პროპაგანდა ვერ იმუშავებს და წარმატებას ვერ მიაღწევს. ესენი მძარცველები არიან“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.