აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის, გიორგი ბარამიას მეუღლე, ქეთევან კაჭარავა აფხაზეთიდან დევნილ ცხრა ეთნიკურად აფხაზ მოზარდს შეხვდა და მათ საახალწლო სურვილი აუსრულა: აფხაზმა ბავშვებმა რადიო "აფხაზეთის ხმის" ეთერით თანატოლებს დამდეგი შობა-ახალიწელი მიულოცეს.
"ბავშვებს სურვილი ჰქონდათ, ენახათ, საიდან ახორციელებს მაუწყებლობას რადიო "აფხაზეთის ხმა". მათ ეს სურვილი აუსრულდათ, კიდევ ერთი უნიკალური შესაძლებლობა მიეცათ, თავიანთი თანატოლებისთვის დამდეგი შობა-ახალი წელი მიელოცათ და მათთვის ბედნიერ საქართველოში ცხოვრება ესურვებინათ", - განუცხადა ჟურნალისტებს კაჭარავამ.
აფხაზ ბავშვებს დამდეგი ახალი წელი ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებმაც მიულოცეს. საპატრიარქომ, სათამაშოების მაღაზიათა ქსელმა "ბაბილინამ" და კომპანია "ბარამბომ" მათ საჩუქრები გადასცეს.