7 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადების დღეა (7 მარტი, 1944).
ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე 1993, გენერალ-მაიორი. 1993 წ. 27 სექტემბერს – სოხუმის დაცემის დღეს დახვრიტეს სეპარატისტებმა. სიკვდილის შემდეგ მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება.
ჟიული შარტავა აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის ივნისში, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის განკარგულებით დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და აფხაზეთის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარედ. 1993 წლის 27 სექტემბერს უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვის ოპერაციას, რომლის დროსაც აფხაზურმა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ თანამებრძოლებთან ერთად ტყვედ აიყვანა და დახვრიტა. მოგვიანებით, ჟიული შარტავას ცხედარი ქართულ მხარეს გადაეცა. დაკრძალულია თბილისში, ვაკის პანთეონში. 2004 წელს, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ეროვნული გმირის ორდენით.