გერმანიის თავდაცვის მინისტრის ბორის პისტორიუსის განცხადებით, აუდიოკონფერენციის ერთ-ერთმა მონაწილემ, რომლის დროსაც რაკეტა Taurus-ის ტექნიკური შესაძლებლობები განიხილებოდა, ღია, დაუცველი საკომუნიკაციო ხაზი გამოიყენა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მოსმენა შესაძლებელი გახდა საუბრის ერთ-ერთი მონაწილის მიერ ტექნიკური აღჭურვილობის „გამოყენებაში შეცდომის“ გამო.
სინგაპურში მყოფმა ოფიცერმა Webex-ზე საუბრისას გამოიყენა არხი, რომელიც არ იყო კოდირებული. „ამის გამო მოხდა მონაცემთა გაჟონვა“, - თქვა პისტორიუსმა.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა უკვე შესაძლებელია იმის გამორიცხვა, რომ საუბარში რუსეთის ჯაშუში იყო „ჩანერგილი“. პისტორიუსმა ასევე აღნიშნა, რომ „ძირითადად ყველა გერმანული საკომუნიკაციო სისტემა საიმედოა“.
გერმანელი სამხედრო პირების აუდიოჩანაწერი, რუსული პროპაგანდისტული მედიის "რაშა თუდეის" [RT]-ის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა გამოაქვეყნა. აუდიოჩანაწერში გერმანელი გენერალი, სავარაუდოდ ინგო გერჰარცი სამ კოლეგასთან ერთად, უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების მიწოდებისა და დაპროგრამების ტექნიკურ შესაძლებლობებს განიხილავდა. შესაძლო სამიზნედ იყო ნახსენები ყირიმის ხიდი და რუსული არმიის საბრძოლო მასალის საცავი.