ისრაელმა გაერო-ში თავისი მუდმივი წარმომადგენელი გილად ერდანი დაუყოვნებელი კონსულტაციებისთვის გაიწვია. ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა. ამავდროულად, მან გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში დაადანაშაულა ორგანიზაციის ანგარიშის უგულებელყოფაში, რომელშიც ჰამასის მებრძოლების მიერ 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის დროს ჩადენილი სექსუალური ძალადობის უამრავი დანაშუალი იყო აღწერილი.
„გაერო-ს უახლესი ანგარიში დეტალურად აღწერს 7 ოქტომბერს ჩადენილი ჰამასის სისასტიკეს, მათ შორის ხოცვა-ჟლეტას, გაუპატიურებასა და სხვა სისტემატურ სექსუალურ დანაშაულის. თუმცა გაერო-ს გენერალური მდივანი დუმს. დადგა დრო, ვიმოქმედოთ, ანტონიო გუტერეშ. ჰამასი მთელ მსოფლიოში ტერორისტულ ორგანიზაციად უნდა იყოს აღიარებული და მის მხარდამჭერ ქვეყნებს ტერორიზმის სპონსორები უნდა ეწოდოს“, - წერს კაცი სოციალურ ქსელ X-ში.
თავად გილად ერდანმა განაცხადა: ”გაეროს ხუთი თვე დასჭირდა, რათა საბოლოოდ ეღიარებინა ჰამასის თავდასხმის დროს ჩადენილი შოკისმომგვრელი სექსუალური დანაშაული. სამარცხვინო დუმილია.
ახლა, როდესაც არსებობს ანგარიში ღაზის სექტორში ჩვენი მძევლების მიმართ განხორციელებული სექსუალური სისასტიკისა და სექსუალური ძალადობის შესახებ, გაეროს სამარცხვინო დუმილი, რომელიც ამ საკითხზე არცერთ დისკუსიას არ ატარებს, ზეცამდე ისმის,“ - განაცხადა ერდანმა.
იმავდროულად, გაერო-ს გენერალური მდივნის პრეს-მდივანმა სტეფან დუჟარიკმა უარყო ბრალდებები გუტერეშის წინააღმდეგ. მისი თქმით, გუტერეშმა „სრულიად დაუჭირა მხარი“ დოკუმენტის შემუშავებას, რომელსაც ხელმძღვანელობდა გაერო-ს სპეციალური წარმომადგენელი კონფლიქტების დროს სექსუალური ძალადობის საკითხებში პრამილა პატენი.
პატენმა ანგარიში 4 მარტს წარადგინა. მასში ნათქვამია, რომ არსებობს ცალსახა და დამაჯერებელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სექსუალური ძალადობა, მათ შორის გაუპატიურება, წამება და სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა იყო ჩადენილი მძევლების მიმართ, რომლებიც ჰამასის მებრძოლებმა აიყვანეს. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ტერორისტები, შესაძლოა, მძევლების მიმართ მსგავს ქმედებებეს ახლაც აგრძელებენ.