გერმანიის საჰაერო ძალების ოფიცრების ონლაინკონფერენციის ჩანაწერის გავრცელება რუსეთის მიერ „ჰიბრიდული დეზინფორმაციული თავდასხმაა“. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა. „ეს არის საინფორმაციო ომის ნაწილი, რომელსაც პუტინი აწარმოებს“, - განაცხადა მან.
მისი თქმით, რუსეთი აწარმოებს ინფორმაციულ ომს, რომელიც მიზნად ისახავს გერმანიაში განხეთქილებას.
"ეს არის ჩვენი ერთიანობისთვის ძირის გამოთხრა. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ამას უკიდურესი სიფრთხილით, მაგრამ არანაკლებ მტკიცედ. ეს არის საინფორმაციო ომის ნაწილი და ჩვენ არ უნდა დავემორჩილოთ პუტინის ხრიკებს” - აღნიშნა პისტორიუსმა.
რუსული პროპაგანდისტული სატელევიზიო არხის RT-ის მთავარმა რედაქტორმა, მარგარიტა სიმონიანმა განაცხადა, რომ მას, სავარაუდოდ, 40 -წუთიანი აუდიოჩანაწერი გადასცეს, რომელშიც „ბუნდესვერის მაღალი რანგის ოფიცრები“ განიხილავენ ყირიმის ხიდზე შესაძლო თავდასხმებს. გერმანული TAURUS-ის ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით. სიმონიანმა საუბრის ჩანაწერი და აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელიც, მისი თქმით, 19 თებერვალს შედგა.
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანელი ოფიცრების საუბრის ჩანაწერის სავარაუდო გაჟონვის საქმეს გამოიძიებენ.