უკრაინამ რუსეთის შეჭრის დაწყებიდან 511 პირის იდენტიფიცირება მოახდინა, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან სამხედრო დანაშაულებში. მათ შორის 81-ს გამამტყუნებელი განაჩენი უკვე გამოუტანეს. ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანდრეი კოსტინმა განაცხადა.
კოსტინმა რუსეთის ომის დანაშაულების შესახებ პოლონეთის, ლიეტუვის, რუმინეთის გენერალურ პროკურორებთან ერთად კიევში კონფერენციაზე ისაუბრა.
ლიეტუვის გენერალურმა პროკურორმა ნიდა გრუნსკიენემ განაცხადა, რომ გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხა 5000-ზე მეტი უკრაინელი.
81 გამამტყუნებელი განაჩენის კომენტირებისას კოსტინმა აღნიშნა, რომ სასჯელთა უმეტესობა დაუსწრებლად იქნა გამოტანილი.
მისი თქმით, უკრაინას სურდა სამართლიანობისათვის რაც შეიძლება სწრაფად, ომის დასრულებამდე მიეღწიათ.
კოსტინმა დასძინა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს 40-ზე მეტ ქვეყანასთან ომის დანაშაულების ტრიბუნალის შექმნის შესაძლებლობის შესახებ.
მისი განმარტებით, ასეთი ტრიბუნალი სავარაუდოდ, იარსებებს რამდენიმე წლის განმავლობაში.
კოსტინმა და გრუნსკიენემ განაცხადეს, რომ გამომძიებლებმა შეძლეს სამი ადამიანის იდენტიფიცირება - ისინი პრორუსი მებრძოლები არიან დონეცკის რეგიონიდან, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან მარიუპოლში ლიეტუველი რეჟისორის მანტას კვედარავიჩიუსის მკვლელობაში.
კვედარავიჩიუსის გარდაცვალების შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ 2022 წლის აპრილში განაცხადა. კოსტინმა თქვა, რომ რეჟისორი გარდაიცვალა წამების შედეგად.
რეჟისორი იღებდა დოკუმენტურ ფილმს მარიუპოლის მცხოვრებლების ტანჯვის შესახებ რუსული ჯარების მიერ ქალაქის მრავალთვიანი სასტიკი ალყის დროს. დოკუმენტური ფილმი მარიუპოლისი 2 გამოვიდა მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ.