ნამახვარის კასკადის მშენებლობასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფელბასა და ინვესტორ კომპანიას შორის შესაბამისი მემორანდუმი დეკემბერში გაფორმდება. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, ნამახვარის კასკადს თურქულ სამხრეთ კორეული კონსორციუმი ააშენებს და ის 2011 წელს დაიწყება.
"მოლაპარაკებები მიმდინარეობს სამხრეთ კორეულ კომპანია "კეპკოსა" და თურქულ კომპანია "ნუროლის" კონსორციუმთან. კასკადის მშენებლობა, რომელიც სამი ჰესისგან იქნება შემდგარი 2011 წელს დაიწყება და 6 წლის განმავლობაში გაგრძელდება", _ განაცხადა გილაურმა. მისივე განმარტებით, პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან მასში 800 მილიონიანი ინვესტიცია იდება და ის ათასობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.
"ეს არის საქართველოს ენერგოუსაფრთხოების 100-პროცენტიანი გარანტია და უზარმაზარი საექსპორტო პოტენციალი", - განმარტა გილაურმა. ამ საკითხზე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კომენტარი ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმაც გააკეთა.
მისი განმარტებით, ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ექსპორტი ძირითადად თურქეთში მოხდება.
"ჰესების მიერ ზამთარში გამომუშავებული ენერგიის ასივე პროცენტი საქართველოში დარჩება და ჩვენი მოსახლეობა მოიხმარს, დანარჩენ პერიოდში გამომუშავებული ელექტროენერგიის ჭარბი მარაგი გაიყიდება", - განმარტა ხეთაგურმა.
აღსანიშნავია რომ ნამახვარის კასკადი, რომელიც მდინარე რიონზე უნდა აშენდეს სულ 450 მეგავატი სიმძლავრის იქნება.