მიუხედავად დიდი ხნის მზადებისა, რაც უკვე ერთი წელია მიმდინარეობს, ნიკა გვარამია მაინც მოუმზადებელი შემოვარდა პოლიტიკურ ველზე, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„გვარამიას მესიჯები საკმაოდ პრიმიტიული შინაარსის არის. არ არსებობს წარსული, არ არსებობს სისხლი, არ არსებობს დანაშაულები, არ არსებობს გახარიას და „ნაციონალური მოძრაობის“ თანამშრომლობა, ახლა უნდა ჩვენ ვიზრუნოთ იმ ხალხის მოზიდვაზე, რომელსაც ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, ვის დაუჭერს მხარს არჩევნებში. ამ დროს უკვე ყველა ხედავს, მოწინააღმდეგეც და მომხრეც, რომ ეს არის რევოლუციური კომიტეტი სხვადასხვა განშტოებებით, სხვადასხვა პათოსით და სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე. კარგი პოლიციელის და ცუდი პოლიციელის ცნობილი ფორმულა უნდათ, გამოიყენონ. ეს იმდენად პრიმიტიულია, რომ ვფიქრობ, არა თუ ჩვენი საზოგადოებისათვის, არამედ ზოგადად საზოგადოებისთვის, რომელიც საქართველოს ვითარებას კარგად არ იცნობს, შეურაცხმყოფელიც არის ასეთი დონის სიყალბე და თვალთმაქცობა“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ნიკა გვარამიამ განაცხადა: „გახარიას პარტიას სამომავლო კოალიციაში ვხედავ, გახარიასთან დაკავშირებით, წარსულთან მიმართებით კითხვების დასმას ამ ეტაპზე არ ვაპირებ“.