ესპანური გაზეთი "ელ პაისი" ესპანურ-რუსული სკანდალის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
როგორც გაზეთი აღნიშნავს, 24 დეკემბერს რუსეთმა ორი ესპანელი დიპლომატი გააძევა, რაც იყო საპასუხო ქმედება, ესპანეთის მიერ 7 კვირის წინ ქვეყნიდან რუსი დიპლომატების გამოძევების საწინააღმდეგოდ.
"ელ პაისი" აღნიშნავს, რომ ოფიციალურმა მადრიდმა რუსი დიპლომატები კონტრდაზვერვის სამსახურის მიერ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გააძევა. ინფორმაციაში აღნიშნული იყო, რომ მათი საქმიანობა "შეუთავსებელია მათ სტატუსთან".
"ასეთი ფორმულირება ესპანეთში გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც დიპლომატები ჩარეულები არიან ჯაშუშურ საქმიანობაში", - აღნიშნავს გამოცემა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ესპანეთის შს მინისტრმა ტრინადად ხიმენესმა თანხმობა გასცა რუსი ჯაშუშების ქვეყნიდან გაძევებაზე. კონტრდაზვერვის სამსახურმა წარადგინა მყარი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ რუსები ესპანეთში ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდნენ.
"ეს საქმე იყო მასშტაბური", - აცხადებს "ელ პაისის" წყარო, რომელიც ქვეყნის შს მინისტრთან არის დაახლოებული.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ოფიციალური მადრიდის საპასუხოდ რუსეთმა ასევე გადაწყვიტა ორი შესაბამისი რანგის დიპლომატის გაძევება. ესენი არიან საელჩოს მრჩეველი იგნასიო კარტეხენი და პირველი მდივანი ბორახ კორტეს ბრეტონი.
კარტეხენი მოსკოვში იმყოფებოდა, რუსეთში "ესპანეთის წლის" ღონისძიების ორგანიზების მიზნით, რომელიც 2011 წელს უნდა აღინიშნოს.
გამოცემა არ აქვეყნებს ესპანეთიდან გაძევებული რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელთა სტატუსს, თუმცა აღნიშნავს, რომ რუსეთიდან გამოძევებული დიპლომატების რანგი აღემატება მადრიდიდან გაძევებული დიპომატების რანგს.
მსოფლიო დიპლომატიაში არსებული დაუწერელი კანონის მიხედვით, ანალოგიური ვითარებების დროს ქვეყნები აძევებენ თანაბარი რანგის დიპლომატებს.
შესაბამისად, გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ მაღალი რანგის ესპანელი დიპლომატების გამოძევებით კრემლი შეეცადა ძალის დემონსტრირება მოეხდინა.