თბილისში გაიმართა ხალხმრავალი საპროტესტო მსვლელობა, რომლის მონაწილეებმაც ხელისუფლებისგან საცხოვრებლიდან გამოსახლებებზე მორატორიუმის გამოცხადება მოითხოვეს.
საპროტესტო აქციას ესწრებოდნენ სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები და ის მოქალაქეები, რომელთაც საცხოვრებლიდან გამოსახლება ემუქრებათ.
აქციის მონაწილეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობა გამართეს საქართველოს პარლამენტისკენ. მოქალაქეებს ხელთ ეპყრათ ბანერები წარწერით - "არ გამოვასახლებინოთ", "სტუნდეტები გამოსახლების წინააღმდეგ", "არა მევახშეობას" და სხვა.
გამოსახლების წინააღმდეგ საპროტესტო მოძრაობას ბიძგი მიეცა 23 იანვარს, როდესაც აღსრულების პოლიციამ მძლავრი წინააღმდეგობის მიუხედავად, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე არსებული ბინიდან ხატიაშვილების ოჯახი გამოასახლა.