თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ონკოლოგიურმა პაციენტებმა, მათმა ოჯახის წევრებმა და აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა მოხსნას ონკოპაციენტების მკურნალობის დასაფინანსებლად 25 000-ლარიანი ლიმიტი და დაფინანსება მოხდეს ინდივიდუალურად, საჭიროების შესაბამისად.
"გვქონდა მოლოდინი, რომ 2024 წლიდან ხელისუფლება დააფინანსებდა ყველა ონკოპაციენტს სრულად, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს არის 25 000-ლარიანი ლიმიტი, რაც ძირითად შემთხვევაში არაფერში არ არის საკმარისი. ვითხოვთ ამ ხარვეზების გამოსწორებას, ვითხოვთ, რომ მოიხსნას ლიმიტი და ადამიანებს ჰქონდეთ ინდივიდუალურად, საჭიროების მიხედვით დაფინანსება, რაც აუცილებელია მათი სიცოცხლისთვის. ასევე, ვთხოვთ მთავრობას, დეფიციტი არ იყოს წამლების, რაც მუდმივი პრობლეაა. ასევე, გვინდა ვთხოვოთ მთავრობას, დააფინანსოს დიაგნოსტირება, რადგანაც გვაქვს უფლება სრულფასოვანი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის, ჯანმრთელობის უფლება ყველას", - განუცხადა „მთავარ არხს“ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ორგანიზაცია “კავშირი სიცოცხლისთვის” დამფუძნებელმა გვანცა აფხაიძემ.
აქციის მონაწილეებმა პარლამენტიდან მსვლელობის მთავრობის ადმინისტრაციის შენობისკენ გადაინაცვლეს.