ქართველი მხატვრის სანდრო ანთაძის ნახატი „ცეცხლში გახვეული კრემლი“ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის საჩუქრად გადაეცა.
მხავტამა ტილო 2023 წელს შექმნა. ნამუშევარი ზელენსკის გაუგზავნა, თუმცა დარწმუნებული არ იყო, რომ ის ადრესატამდე მიაღწევდა. 2024 წლის 1-ელ იანვრას მხატვარმა შეიტყო, რომ მისი ნამუშევარი ვოლოდიმირ ზელენსკის საახალხწლო ვიდეომიმართვის ბოლოს კადრში გამოჩნდა.
„ამ ტილოზე მუშაობა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დავიწყე და ხატვის პროცესში მთელი ბრაზი და ზიზღი ჩავაქსოვე. ხატვისას ვფიქრობდი, თუ სად უნდა იყოს ეს ტილო, სად იქნებოდა საუკეთესო ადგილი მისთვის… აშკარად ვგრძნობდი, რომ უბრალო კედელზე არ უნდა დაეკიდათ და იქ უნდა მოხვედრილიყო, სადაც ამ ენერგეტიკას გამოიყენებდნენ და ხორცს შეასხამდნენ…“ - განუცხადა მხატვარმა AT.ge-ს.
სანრო ანთაძის თქმით, 1-ელ იანვარს მეგობარმა ვიდეო გაუგზავნა დ სთხოვა ბოლომდე ენახა.
„ჩავრთე ვიდეო და რას ვხედავ… პრეზიდენტ ზელენსკის საახალწლო მიმართვისას, ვიდეოს ბოლოს, კედელზე ჩანს ჩემი ნახატი! ბოლო კადრი სწორედ მასზე ფოკუსირდება და ფონად ზელენსკის სიტყვები ადევს, რომლითაც გამოსვლას ასრულებს: „ვინც ჩვენი ქვეყანა ცეცხლში გახვია, ძალიან მალე თავისი ფანჯრებიდან დაინახავს ასეთივე ცეცხლს“. ზელენსკის გამოსვლა ჩემი ნამუშევრის დიდი კადრით მთავრდება. დაუჯერებელი ამბავია, ამ ნახატს „ოცნება“ დავარქვი, რის ასრულებასაც ვუსურვებ უკრაინას, საქართველოს და ყველა თავისუფლების მოყვარე ადამიანს“, - თქვა სანდრო ანთაძემ.