თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტისთვის და პროფესიული განათლების ცენტრისთვის სასწავლო დანიშნულების სივრცის შესაქმნელად მეათე (მაღლივი) კორპუსის მიმდებარედ ახალი კორპუსის აშენება იგეგმება
თსუ რექტორის მოადგილის კახაბერ ჭეიშვილის ინფორმაციით, ეკონომიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებისთვის შეიქმნება კვლევითი საქმიანობისთვის აუცილებელი პირობები;
"ასევე, ახალი პროფესიული პროგრამების დასამატებლად აღნიშნულ შენობაში სასწავლო და პრაქტიკული მეცადინეობისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა გაიმართება.
ასევე, თსუ რექტორის ჯაბა სამუშიას ინიციატივით, აღნიშნულ შენობაში მოეწყობა სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცე, რომელიც თსუ-ს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს საშუალებას მისცემს იზრუნონ ჯანსაღი ცხოვრების წესზე, მონაწილეობა მიიღონ სპორტულ აქტივობებში და ისარგებლონ კომპლექსის მომსახურების შეღავათიანი ტარიფებით; განახლდება უკვე არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა, აშენდება დამატებითი სივრცეები სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის, მათ შორის, გაიხსნება 25-მეტრიანი საცურაო აუზი.
შენობის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებასთან დაკავშირებით გაიმართა კონკურსი, რომელშიც კომპანია "თბილქალაქპროექტმა" გაიმარჯვა. სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება", - ნათქვამია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.