არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც სააპელაციო სასამართლოს მოუწოდებენ, გადახედოს ნატა ფერაძის მიმართ დადგენილ სახდელს.
"ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები აქტივისტ ნატა ფერაძის მიმართ გამოყენებულ არაპროპორციულ სანქციას ვეხმიანებით და სააპელაციო სასამართლოს მოვუწოდებთ, საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ სახდელს გადახედოს.
ეს სანქცია სამართალდარღვევად შეფასებული ფაქტის პროპორციულად ვერ ჩაითვლება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, პატიმრობა დადგინდება და გამოიყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. სამების ტაძარში სტალინის გამოსახულების განთავსების გამო, არაძალადობრივი პროსტესტის გამოხატვის ამგვარი სიმძიმისა და ხანგრძლივობის სახდელით დასჯა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ პროპორციულობის სტანდარტებს არღვევს.
საგულისხმოა, რომ ნატა ფერაძის უკანონო დასჯა ერთხელ უკვე გახდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მსჯელობის საგანი, როდესაც აქტივისტების მიმართ გამოყენებული სანქცია სასამართლომ არათანაზომიერად შეფასა. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოვუწოდებთ, მოქმედი საერთაშორისო კანონმდებლობით იხელმძღვანელოს და ადამიანის უფლებების შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს". - წერია არასამთავრობოების განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
ადამიანის უფლებათა ცენტრი
აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
დემოკრატიის მცველები
თბილისი პრაიდი
მწვანე ალტერნატივა
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
საქართველოს რეფორმების ასოციაცია
საქართველოს სასამართლოს გუშაგი
წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი
თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტ ნატა ფერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
ფერაძე სამართალდამრღვევად ცნეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
საქმე ეხება სამების საკათედრო ტაძარში მატრონა მოსკოველის ხატზე საღებავის შესხმას.
ნატა ფერაძე სამართალდამცავებმა საკუთარ სახლში დააკავეს. ის დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.