წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად გაიხსნა. ადგილზე იმყოფება თბილისის მერი, კახი კალაძე, რომელიც მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგებს ეცნობა.
"დღეს პირველი თებერვალია, საგზაო ნაწილში დასრულდა სამუშაოები. გადაადგილება ორმხრივად, თავისუფლად არის შესაძლებელი, მე არ მინდა ვინმემ იფიქროს რომ პროექტი მთლიანად არის დასრულებული, აქ საგზაო ნაწილზე იყო საუბარი და ეს სამუშაოები მორჩენილია, პარალელურად მიმდინარეობს ტროტუარების მოწყობა, გამწვანების სამუშაოები. ყველაფერი გაკეთდება ისე, როგორც სხვა გამზირების შემთხვევაში და მართლად, ძალიან ლამაზი გამზირი გამოვა, როდესაც მარტში მთლიანად დასრულდება სამუშაოები", - ამბობს კახა კალაძე.
ამასთან, კალაძემ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრს და მის თანამშრომლებს. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.
კალაძის თქმით, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ რეაბილიტაციის დროს მოსახლეობისთვის გადაადგილება მაქსიმალურად შეემსუბუქებინათ.
„განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საპატრულო პოლიციას, შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს. ისინი მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენთან თანამშრომლობდნენ. ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ შეზღუდვები და პრობლემა რაც იყო აქ გადაადგილების თვალსაზრისით, მაქსიმალურად შეემსუბუქებინათ მოსახლეობისთვის“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
ასევე, კახა კალაძემ წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო პროექტის განხორციელებაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა ყველა კომპანიას და მათ თანამშრომლებს.