დღეიდან, N302 მარშრუტზე MAN-ის მარკის 9 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ავტობუსები დიდი დიღმიდან უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსის მიმართულებით იმოძრავებენ და ამ მარშრუტზე აქამდე მოძრავ 12-მეტრიან ავტობუსებს ჩაანაცვლებენ.
„ჩვენ შევისყიდეთ 18-მეტრიანი ავტობუსები. ეს იმ მნიშვნელოვანი სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია, რაც გულისხმობს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ყველაზე კომფორტული და ხელმისაწვდომი. დღეს დილიდან N302 მარშრუტზე MAN-ის მარკის 9 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი გავიდა. საზოგადოებამ იცის, რომ არასდროს ამირიდებია თვალი ქალაქში არსებული პრობლემებისთვის. კარგად ვიცით, რომელი უბანი რა გამოწვევების წინაშე დგას. შემთხვევითი არ არის, რომ პირველ რიგში, დიდი დიღმის მარშრუტზე შევიყვანეთ 18-მეტრიანი ავტობუსი. ახალი ავტობუსები დიდი დიღმიდან სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსის მიმართულებით იმოძრავებენ და ამ მარშრუტზე აქამდე მოძრავ 12-მეტრიან ავტობუსებს ჩაანაცვლებენ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.