შეიძლება, გვარამია ღლიცინებს, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ სააკაშვილი საერთოდ არავის ახსენებს, არც ბარამიძეს, რომელიც ყოველდღე სერენადებს უმღერის, არც გუბაზ სანიკიძეს, რომელმაც არ იცის, როგორ გამოასწოროს თავისი უკიდეგანოდ უხეში გამონათქვამები სააკაშვილის მიმართ, რომელიც ადრე ჰქონდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„რაც შეეხება გვარამიას, სულ ახლახან თქვა, რომ სააკაშვილს აქვს გონების დაბინდვა, პრაქტიკულად არაფერი ახსოვს, ლაკა ხოშტარიას სახელიც ვერ გაიხსენა, ვიხილეთ, როგორ ტიროდა გვარამია იმის გამო, რომ დემენცია დაემართა სააკაშვილს. ასე რომ, მე ამ ასპექტით ვერ განვიხილავ რეალურ მოცემულობას. არის მხოლოდ ერთი დაშვება, რომ ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობის თემა გვარამიასთვისაც მნიშვნელოვანია და აინტერესებს სააკაშვილი მოკავშირედ რამდენად იხილავს კვლავ მის მიერვე ნაგინებ ვანო მერაბიშვილს ან დავით კეზერაშვილს, სადაც ეს რეალური ფინანსური რესურსი არსებობს. შესაძლოა, ამ თემაზე იყოს ლაპარაკი, ხოლო გარეთ გამოსულმა რა თქვა, შეიძლება, ღლიცინებს, როგორც ხანდახან სჩვევია ხოლმე, შეიძლება, მართლა ტირის იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილი ის ლიდერი არ არის და თავის თავზე ფიქრობს, რომ ამაღლდეს და ჩაანაცვლოს. როდესაც გვარამია დისტანცირებას ახდენდა, მისი თქმით, უკვე გონებადაბინდული სააკაშვილისაგან, რასაკვირველია, შეიძლება იმ პერიოდში სხვა აზრები ჰქონდა, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, გვარამია არის მთავარი მოქმედი პირი მაშინ, როდესაც დანაშაულებრივი სისტემური მართვის რეალობა არსებობდა საქართველოში. სააკაშვილს, რომც ჩამოსცილდეს, როგორც უუნარო ლიდერს, თავის წარსულს „ნაცმოძრაობაში“ ნამდვილად ვერ ჩამოსცილდება“, – განაცხადა ვოლსკიმ.
„მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ „ვივამედში“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა: „განვიხილავ თანამშრომლობას ყველასთან, მელიასთანაც, ჯაფარიძესთანაც და ხოშტარიასთანაც, მომხრე ვარ ფართო სათანამშრომლო ფორმატების“.