სამუშაო ვიზიტის მიზანია ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო მართვის და საფრთხეების შემცირების საკითხებში საქართველოს მხარდაჭერის საჭიროებებისა და შესაძლებლობების განსაზღვრა და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის წარმომადგენლები.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა საერთაშორისო უსაფრთხოების მიმართულებით სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე კეტრინ ინსლისთან. „საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ქვეყანაში ქიმიური უსაფრთხოების კუთხით. ამერიკის შეერთებული შტატები გეგმავს განაგრძოს ამ მიმართულებით ჯერ კიდევ არსებული რისკების შემცირების საკითხებში მხარდაჭერა, რაც არასდროს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი როგორც დღეს“, - განაცხადა კეტრინ ინსლიმ.
„ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, ჩვენი მთავრობა, ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის ფარგლებში, სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით, აგრძელებს აქტიურ მუშაობას ქიმიური ნივთიერებების მართვის ჩარჩოს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების სისტემებთან დაახლოების მიზნით“, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.
დელეგაციის წევრებმა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო დეპარტამენტის სააგენტოების წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს ქბრბ უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობა. გაიმართა დისკუსია საქართველოს გამოწვევებზე, ამ მიმართულებით მიმდინარე ერთობლივ ინიციატივებსა და სამომავლო გეგმებზე.
ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს წარმომადგენელთან, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანაშემწის მოადგილე კლიფორდ ვილასთან.
„საქართველოსთვის, როგორც მრავალმხრივი გარემოსდაცვითი შეთანხმებების მონაწილე აქტიური მხარისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, მოლაპარაკებების პროცესში, ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციის დაახლოება ჩვენი ქვეყნის ინიციატივების მხარდასაჭერად, რაც ქიმიური ნივთიერებებისა და ნარჩენების უსაფრთხო მართვას უკავშირდება“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
„აშშ-ს გააჩნია ქიმიური დაბინძურების შემთხვევების რისკების პრევენციისა და ასეთ ინციდენტებზე რეაგირების დიდი გამოცდილება და სახელმძღვანელო დოკუმენტები, რაც ქართულმა მხარემ შესაძლოა გამოიყენოს ქიმიურ საფრთხეებზე მზადყოფნისა და დროული რეაგირების კუთხით დაგეგმილი საკანონმდებლო და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების პროცესში. სააგენტო მზად არის ამ მიმართულებით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდასაჭერად“,- აღნიშნა კლიფორდ ვილამ.
აშშ-ის გარემოს დაცვის წარმომადგენლებმა ქიმიური ნივთიერებებით გარემოს დაბინძურების რისკის შემცირების და დაბინძურებული ტერიტორიების აღდგენის მიმართულებით ქართველ კოლეგებს ამერიკული გამოცდილება გაუზიარეს და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე შეთანხმდნენ.