კიევის პეჩორის სასამართლომ უკრაინის ყოფილი შს მინისტრის იური ლუცენკოს დაპატიმრებაზე სანქცია გასცა. ლუცენკოს ბრალი სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში ედება.
ლუცენკოს ბრალად ედება უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იუშჩენკოს მოწამვლის საქმეში უკანონო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარება.
უკრაინის ყოფილი შს მინისტრი საკუთარ სახლთან დააკავეს და საგამოძიებო იზოლატორში წაიყვანეს.
უკრაინის გენპროკურატურაში ლუცენკოს დაკავების შესახებ კომენტარს არ აკეთებენ. თავად დაკავებულმა თავისი ადვოკატის მეშვეობით განაცხადა, რომ მისი აზრით, მის დადანაშაულებას ვიქტორ იუშჩენკოს მოწამვლაში ცდილობენ.
შეგახსენებთ, რომ 2004 წელს უკრაინაში საპრეზიდენტო კამპანიის მიმდინარეობის დროს პრეზიდენტობის კანდიდატმა ვიქტორ იუშჩენკომ თავი შეუძლოდ იგრძნო და სასწრაფოდ ავსტრიაში გადაიყვანეს. იქ კერძო კლინიკაში მედიკოსებმა განაცხადეს, რომ მის ორგანიზმში ნივთიერება დიოქსინი აღმოჩნდა. გამოძიების ვერსიით, იუშჩენკო 2004 წლის 5 სექტემბერს მოწამლეს, უკრაინის უშიშროების საბჭოს მაშინდელი პირველი მოადგილის ვლადიმერ საციუკის აგარაკზე.
2008 წლიდან უკრაინაში ხელისუფლები ცვლილებამდე გენპროკურატურა აცხადებდა, რომ იუშჩენკოს განზრახ მოწამვლის ფაქტი სრულებით დადასტურებულია. უკრაინაში ხელისუფლება მიმდინარე წლის თებერვალში შეიცვალა და ხელისუფლების სათავეში იუშჩენკო ნაცვლად იანუკოვიჩი მოვიდა. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კი შეიცვალა საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც იუშჩენკოს მოწამვლის ფაქტს იძიებს.