ქართველმა მკითხველმა მერი ბიწაძის კრებული „ჯვარცმული ლექსი“ (გამომცემლობა „მწიგნობარი“, რედაქტორი თამარ შაიშმელაშვილი) გაიცნო. ასე ხშირად ხდება: თბილისიდან შორს, საქართველოს ამა თუ იმ კუთხეში, ბევრი გამორჩეული ნიჭის პოეტი ქმნის „აალებულ ყვავილებს“ (მერი ბიწაძის „ჯვარცმული ლექსის“ გარეკანს მათ კოლიშოუს სურათი ამშვენებს ფოტოსერიიდან „აალებული ყვავილები“, 2004).
„ჯვარცმული ლექსი“ კრებულია მერი ბიწაძის (1929-2006 წწ.) ამქვეყნიური ცხოვრების იმ დღეებისა, როდესაც გაუსაძლისი ტკივილით შებოჭილი სული ლექსად გარდაიქმნებოდა. პოეტი ლექსით სატკივრის დაამებას თანასოფლელებს, კარდენახელებსაც, ასწავლიდა: გიორგი ლალიაშვილის მიერ ამ წიგნისათვის დაწერილ წინასიტყვაობაში: „ხვედრი სასტიკი... და მაინც მშვენიერი“ ვკითხულობთ: „მერი ბიწაძემ „სოფლის სკოლაში დააარსა ხელნაწერი ჟურნალი „კვირტი“, სადაც შემოქმედებითი ნიჭით გამორჩეულ მოსწავლეებს იკრებდა...“ ასე გაიგეს პაოლო იაშვილის, ტიციან ტაბიძის... სახელები კარდანახელმა ბავშვებმა. თუ გავითვალისწინებთ, რომ პაოლოსა და ტიციანის სახელების ხსენება მაშინ აკრძალული იყო, მერი ბიწაძის მიერ დაარსებული „კვირტის“ სამომავლო ფუნქცია კომუნისტური რეჟიმისათვის მიუღებელი უნდა ყოფილიყო: ასეთი „კვირტი“ არ უნდა აყვავებულიყო... ვერც მოახერხა პოეტმა მერი ბიწაძემ ბოროტი ცხოვრების ნიადაგზე აღმოცენებული ყვავილები - ლექსები მკითხველისათვის მიერთმია; თუმცა შესანიშნავმა პატრონებმა - ქალბატონებმა: ელენე ჭიღლაძემ (გიორგი ლალიაშვილის დედა) და მერი ხოსიტაშვილმა (მერი ბიწაძის მეგობარი, კარდენახის საჯარო სკოლის მასწავლებელი) - განგების ნებით, მკითხველს არ დაუკარგეს ეს ლექსები...
მერი ბიწაძის ლექსში გაერთიანებული ზეცა და მიწა ყველაზე საიმედო თავშესაფარია მკითხველისათვის, რომელიც სულის სიმშვიდესა და ჰარმონიას პოულობს ამ ტანჯული ქალის სტრიქონებში:
ზეცა მიწაზე ჩამოღვრილი,
ფეხთ მიფენია,
ქვეყნად რამდენიც ფანჯარაა,
მზეც იმდენია...
შეიძლება თამამად გამოვაღოთ მერი ბიწაძის ლექსების ფანჯრები და მზის სინათლე შემოვუშვათ საკუთარი თუ ზოგადსაკაცობრიო სევდის განსაქარვებლად.
მზე და მთვარე - მცველი და მოწმეა, საზომი და ასპარეზია ლირიკული გმირისათვის, რომელსაც სწამს, რომ „თებერვლის მთვარემ გადაჩეხა / ხრამში ურჩხული, / ქარი სიმღერით დახეტიალობს / როგორც ქურხული...“ მზე, მთვარე და ქარი - მეტაფორებია: ზეცის მიერ დაწესებული დღისა და ღამის დარაჯების, ადამიანთა მფარველების, რომელთა გასაგონად მღერის ქარი - პოეტი:
კი არ გავჩუმდი,
ქარივით ჩავდექ
და სიმღერებად ამოვვარდები...
ილიკო ქურხულის, XX ს. II ნახევრის საქართველოს სახალხო მომღერლის, ხსენება და საკუთარი თავის მასთან გათანაბრების სურვილიც არ არის მოულოდნელი: სტიქიურად, დაუმორჩილებლად მოსული სახე-ხატები ხალხის გასაგონად უნდა გამოფენილიყვნენ:
სიცოცხლის ტრფიალს
ასე უბრალოდ ვერ დავეხსნები...
კვლავ მზის ნათელზე გამოუსვლელი
მებჯინებიან ყელში ლექსები.
1992 წლის 2 ნოემბრით დათარიღებული: „მე იშვიათად რატომ ვწერ ლექსებს“ ასეთი ნატვრით, იმედით სრულდება:
იქნებ სამშობლომ ოდესმე მაინც
სცნოს,
დაიფაროს ჯვარცმული ლექსი...
ეს გაცნობა „ჯვარცმული ლექსისა“ ნაგულისხმევია გარეკანის ბოლო გვერდზე მოთავსებული უსათაურო ლექსში, მერი ბიწაძის ავტოგრაფით რომ არის შესრულებული:
ერთ მშვენიერ მზიან დღეში
დრო დადგება სინანულის
და იფეთქებს ცხელი ლექსი,
დაწერილი მტკივან გულით.
გადაქცეულს მთვარის გზნებად
ხოტბას შემაწევენ რამდენს...
გვიან დამიწყებენ ძებნას
გვიან დამაყრიან ვარდებს.
მერი ბიწაძის ეს ლექსი მაღალი შაირით (4/4) არის შესრულებული, თუმცა მეორე სტროფის ფინალურ სამტაეპედში ინტონაციას იცვლის და იშვიათი რიტმული სვლით (2/4/2) „ვეფხისტყაოსნის“ ერთ გამორჩეულ ტაეპს შეგვახსენებს:
„ასე სულთქმით და ვაებით: მით ვართ ცრემლისაცა დენით“. (4/4//2/4/2)
მერი ბიწაძე: „ხოტბას შემაწევენ რამდენს“. (2/4/2)
პოეტის გარდასახვა „მთვარის გზებად“ მკითხველს მის ძებნას აიძულებს და იპოვის კიდეც მთვარიან ღამეს; მერი ბიწაძის რიტორიკული შეკითხვაც:
ნუთუ დამთავრდა მიჯნურთ ზღაპარი
და საოცნებოდ აღარ ღირს მთვარე?
- საბედნიეროდ, პასუხგაცემულია.
1992 წელს დაწერილი სტრიქონების პასუხია წიგნის წინასიტყვაობა, რომელიც გვამცნობს: მერი ბიწაძის ლექსები 2013 წელს დაბეჭდილა ჟურნალ „ანეულში“ (№2), ხოლო მერე, 2021 წელს, ინგლისურად უთარგმნია იგი მზია კვირიკაშვილ-ლოურენსს და 64 ქართველ პოეტთან ერთად გამოუქვეყნებია კრებულში: „სულიერი ხიდი“.
სასიხარულოა, როდესაც „სულიერი ხიდი“ და ფანჯარა მკითხველს საშუალებას აძლევს, მერი ბიწაძის ლექსებამდე მივიდეს.
ალბათ, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ 1996 წელს ქართველმა მკითხველმა გაიცნო პოეტი დავით ყურულიშვილი (1907-1994 წწ.), რომლის კრებულსაც „ჯვარცმული ლექსი“ ჰქვია და უძღვის როსტომ ჩხეიძის წინასიტყვაობა: „მოთქმა სიმწუხარეში“. ეს უნებლიე დამთხვევა ლექსთა კრებულების სათაურებისა, ალბათ, იმით აიხსნება, რომ ორივე პოეტი ემიგრანტია: დავით ყურულიშვილი უცხოეთში აღესრულა: „დავით ყურულიშვილი ემიგრანტთა ერთ ტალღას გაჰყვა საზღვარგარეთ (XX ს. 20-იან წლებში), რათა შინდაბრუნების ოცნებაში დაელია სული“ (რ. ჩხეიძე); მერი ბიწაძე კი შინაგანი ემიგრაციის მსხვერპლი აღმოჩნდა: ვერ შეძლო საკუთარი სულის ფანჯრები ფართოდ გამოეღო და მკითხველს შეხმიანებოდა.
კარგია, როდესაც „ჯვარცმული ლექსის“ ავტორები მკითხველთა თანაგრძნობასა და სიყვარულს მოგვიანებით, მაგრამ მაინც, იმსახურებენ.
თამარ ბარბაქაძე
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
პროფესორი