"ქრისტიან-დემოკრატები" ელექტროენერგიაზე 20 ლარიანი ვაუჩერების დარიგების ნაცვლად მთავრობას კომუნალური გადასახადების შემცირებას ურჩევენ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარემ გიორგი ახვლედიანმა და ფრაქციის წევრმა ლევან ვეფხვაძემ პრესკონფერენცია გამართეს.
მათი შეფასებით, ელექტროენერგიაზე 20 ლარიანი ვაუჩერების დარიგება მთავრობის მორიგ "პიარ ტყუილია" და მილიონამდე ოჯახისთვის მთავრობის მიერ ვაუჩერების დარიგება შეურაცხმყოფელია, რადგან სწორედ ხელისუფლების გაუაზრებელი პოლიტიკის გამო გაუძვირდა მოსახლეობას კომუნალური გადასახადები.
ამასთან, ახვლედიანის შეფასებით, საქართველოსგან თურქეთი 2 თეთრად ყიდულობს, ხოლო თავად საქართველოში მოსახლეობა ელექტროენერგიაში 14-17-თეთრამდე იხდის.
ვეფხვაძის განცხადებით, კი აღნიშნული ვაუჩერები კომპენსაციაა მმართველი პარტიის მიერ გაძვირებული წყლის ტარიფის, ნაგვის გატანის გადასახადისა და ტრანსპორტის მგზავრობის გაძვირების.
დეპუტატის განმარტებით, გაძვირებული ტარიფებით 3 სულიან ოჯახზე ყოველთვიური ხარჯების ზრდა შეადგენს 11-12 ლარს ანუ 130-140 ლარს წელიწადში, მაშინ, როდესაც ევროპის ბანკის მონაცემებით, საქართველოში 10% ინფლაციის მაჩვენებელი მიუთითებს, რომ 2010 წელს მოსახლეობის შემოსავლები 10%-ით შემცირდა.
"ქრისტიან-დემოკრატები" ხელისუფლებას მოუწოდებენ ის 25 მილიონი, რომელიც ვაუჩერების დარიგებას უნდა მოხმარდეს დაემატოს 20 მილიონიც და რეგიონებში პენსიები დედაქალაქის მსგავსად გათანაბრდეს.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის ინიციატივით მოსახლეობას ელექტროენერგიაზე 20 ლარიანი ვაუჩერები 2011 წლის იანვრის ბოლოდან თებერვლის ბოლომდე დაურიგდებათ.