დღეს, შეერთებულ შტატებში ფედერალური დღესასწაულია, ამერიკელები აღნიშნავენ მარტინ ლუთერ კინგის დაბადების დღეს.
სახელგანთქმული უფლებადამცველი 15 იანვარს დაიბადა. 1983 წლიდან, პრეზიდენტ რონალდ რეიგანის მიერ ხელმოწერილი კანონის მიხედვით, იანვრის ყოველი მესამე ორშაბათი კინგის პატივსაცემად, ფედერალურ დასვენების დღედ არის გამოცხადებული. წელს კინგის დაბადების დღე და ფედერალური დღესასწაული ერთმანეთს დაემთხვა.
მარტინ ლუთერ კინგი 1929 წელს ჯორჯიის შტატში, ქალაქ ატლანტაში დაიბადა.
მან ყველაზე დიდი ყურადღება პირველად 1955 წელს მიიქცია, როცა მისი ლიდერობით ალაბამას შტატის ქალაქ მონტგომერიში საზოგადოებრივ ტრანსპორტზე სეგრეგაციის წინააღმდეგ მასობრივი ბოიკოტი გამოცხადდა.
კინგი მოგვიანებით ამერიკაში სამოქალაქო უფლებებისთვის მებრძოლთა ლიდერი გახდა.
50-ზე მეტი წლის წინ, მარტინ ლუთერ კინგი წინ მიუძღოდა დემონსტრაციას, რომელმაც ამერიკელების ცხოვრება შეცვალა.
ქვეყნის სხვადასხვა შტატიდან ვაშინგტონში ჩამოსული ორას ორმოცდაათიათასზე მეტი ადამიანი დემონსტრაციაზე თანასწორი უფლებების დასაცავად და სამუშაო ადგილების მოთხოვნით გამოვიდა. ეს აქცია ქვეყანაში არსებული რასისტული ჩაგვრის ფონზე გაიმართა.
1963 წლის 28 აგვისტოს მან თავის ისტორიული სიტყვა წარმოთქვა "მე მაქვს ოცნება" და ვაშინგტონში აქციაზე მყოფ 250 ათასზე მეტ ადამიანს მიმართა.
ყველაზე ამაღელვებელი კინგის გამოსვლაში ის ნაწილი იყო, როდესაც ის ამერიკელ ხალხს საკუთარი მისწრაფებების შესახებ ესაუბრებოდა.
მე მაქვს ოცნება, რომ ყველა ადამიანი თანასწორი იყოს.
ჩემი ოცნებაა, რომ ერთ დღეს ჩემი ოთხი შვილი იცხოვრებს ქვეყანაში, სადაც მათ არა კანის ფერის გამო, არამედ მათი ბუნების გამო განსჯიან. ეს არის ჩემი ოცნება დღეს.
ჩემი ოცნება ამერიკულ ოცნებასთან ძლიერ არის დაკავშირებული. ჩემი ოცნებაა, რომ ხალხის ნებამ თავის საწადელს მიაღწიოს და ამ დევიზის მნიშვნელობა გამართლდეს.
თავისუფლება, თავისუფლებისთვის საბოლოო ბრძოლა. უფალი დიადია, ადამიანები საბოლოოდ უნდა გათავისუფლდნენ.
ეს დემონსტრაცია შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან მოვლენად იქცევა ადამიანის და სამოქალაქო უფლებების დაცვის შესახებ გამართულ დემონსტრაციებს შორის...
მე მაქვს ოცნება, ღვთის ყველა შვილს, შავებსა და თეთრებს, ებრაელებსა და წარმართებს, პროტესტანტებს და კათოლიკეებს - შეძლიათ ერთმანეთს ჩასჭიდონ ხელები და იმღერონ ზანგების ძველი საეკლესიო საგალობელი: თავისუფლება გვეღირსა! თავისუფლება გვეღირსა!
ეს ღონისძიება ამერიკის ისტორიისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა.
1964 წელს კინგს ნობელის პრემია მიენიჭა. სწორედ იმ წელს, როცა ხელი მოეწერა კანონს არამარტო საზოგადოებრივ ადგილებში სეგრეგაციის დასრულების შესახებ, არამედ დისკრიმინაციის წინააღმდეგ რასის, ფერის, რელიგიის, თუ სქესის მიხედვით.
მარტინ ლუთერ კინგი 1968 წლის 4 აპრილს ტენესის შტატის ქალაქ მემფისში მოკლეს.