ყველაზე კრიტიკულ მომენტში, როცა მარგინალები სახელმწიფოებრიობას უტევდნენ, გახარიამ სახელმწიფოსა და გუნდს უღალატა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას თქმით, გახარიას იმიჯი შელახული აქვს და თან არაერთგზის.
„ხალხს იპოთეკები ააღებინა – ზოგს სახლი ჩაადებინა. მას შელახული აქვს იმიჯი და ავტორიტეტიც მას შემდეგ, რაც მარგინალებს საკრებულოებში უმრავლესობა შეუქმნა. ახლა ცდილობს, იმიჯი გამოისწოროს და დებატებში ბიძინა ივანიშვილი გამოიწვია, რომლის მიერ გაკეთებული საქმის ერთი პროცენტი მაინც გააკეთოს. მანამდე ვურჩევ – „გიორგი, ძმაო, ჯერ ჩემი „ხაბე“ გამოიწვიე, შემდეგ „ჭიჭეზე“ გადადი და დაგაკვირდებით. შემდეგ გუბაზ სანიკიძეს მიმართე, რადგან ბევრი საერთო გაქვთ, ჩერგოს მიმართე და თუ იქაც გაძვრება, პირადად მე მზად ვარ, დებატებში დავუჯდე. გახარიამ გუნდს და ქვეყანას რომ უღალატა, შემდეგ როგორ შეუქმნა კოალიციები მარგინალებსა და მწვალებლებს, ამაზე შემდეგ ვისაუბრებ. ჩემი შეთავაზება ძალაშია. თუ „ხაბესთან“ დამარცხდა, პოლიტიკიდანაც უნდა წავიდეს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.