2023 წელს საქართველოსა და მსოფლიოს ბევრი ცნობილი ადამიანი დააკლდა. მათ შორის ყველასათვის საყვარელი მწერლები, მსახიობები, მომღერლები, რეჟისორები თუ მუსიკოსები.
ამ წლის ბოლოს, კიდევ ერთხელ ვიხსენებთ ადამიანებს, რომლებიც გასულ წელს გარდაიცვალნენ.
ოთარ იოსელიანი
2023 წლის 17 დეკემბერს 89 წლის ასაკში ქართველი კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ოთარ იოსელიანი გარდაიცვალა.
ოთარ იოსელიანი დაიბადა 1934 წელს, თბილისში. 1965 წელს მან დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი, 1952 წელს - თბილისის კონსერვატორია.
გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმები: „აკვარელი“ (1958), „აპრილი“(1961); მხატვრული ფილმები: „გიორგობისთვე“ (1966) – ამ ფილმისთვის მან კანის კინოფესტივალის სპეციალური კინოპრესის ჯილდო და ჟორჟ სადულის პრიზი დაიმსახურა საუკეთესო სადებიუტო ნამუშევრისთვის. ასევე რეჟისორია ფილმების – „იყო შაშვი მგალობელი„ (1970), „პასტორალი“ (1976), „ბასკთა ქვეყანაში“ (1983), „მთვარის რჩეულნი“ (1984), „პეპლებზე ნადირობა“ (1999), „ყაჩაღები“(1996), „მშვიდობით მწვანე მდელო“ (2000, საფრანგეთი); დოკუმენტური ფილმები: “ძველი ქართული სიმღერა” (1969), „თუჯი“ (1964), „საპოვნელა“ (1959).
1980-იანი წლების დასაწყისიდან ოთარ იოსელიანი საფრანგეთში მუშაობდა, სადაც რამდენიმე დოკუმენტურ და მცირემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო – 1984 წელს „მთვარის ფავორიტებმა“ ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა.
ზურაბ ქარუმიძე
12 დეკემბერს, 66 წლის ასაკში გარდაიცვალა მწერალი ზურაბ ქარუმიძე.
ზურაბ ქარუმიძე მოთხრობებს წერდა ქართულ და ინგლისურ ენებზე.
სხვადასხვა დროს მიღებული აქვს ლიტერატურული პრემიები - 2018 წელს ლიტერატურული პრემია "ლიტერა" რომანისთვის „მოგზაურობა ევროპაში“, 2010 წელს პრემია "საბა" წიგნისთვის „ჯაზის ცხოვრება“. მას ეკუთვნის ინგლისურ ენაზე დაწერილი რომანი „Dagny or a Love Feast-ი“.
ავტორის მიერვე ინგლისურ ენაზე თარგმნილი მოთხრობები 1996 წელს ამერიკაში, Clockwatch Review-ში გამოქვეყნდა.
ზურაბ ქარუმიძე რედაქტორობდა საქართველოში გამოცემულ ინგლისურენოვან ჟურნალებს: "საქართველო/კავკასიის პროფილი" და "კავკასიის კონტექსტი".
მედეა ამირანაშვილი
2023 წლის 2 დეკემბერს გარდაიცვალა მედეა ამირანაშვილი - სახალხო არტისტი, სოპრანო.
მედეა ამირანაშვილი 1930 წლის 10 სექტემბერს დაიბადა. 1954 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. 1954 წელს შედგა მისი დებიუტი ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე (მარგარიტა, გუნოს „ფაუსტი“), რის შემდეგაც ამ თეატრის წამყვანი სოლისტი იყო.
1981 წლიდან იყო ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, პროფესორი; 1991 წლიდან ქ. ქუთაისის საოპერო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
1997 წელს გადაეცა ღირსების ორდენი, 1971 წელს კი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია.
თენგიზ არჩვაძე
2023 წლის 28 ოქტომბერს, 91 წლის ასაკში მსახიობი თენგიზ არჩვაძე გარდაიცვალა.
თენგიზ არჩვაძემ ქართულ თეატრსა და კინოში 100-ზე მეტი როლი განასახიერა და არაერთი დასამახსოვრებელი სახე შექმნა.
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, სიცოცხლის ბოლომდე, თენგიზ არჩვაძე კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი იყო. 1967-1973 წლებში იგი მუშაობდა რუსთავის დრამატულ თეატრშიც.
მიღებული აქვს ჯილდოები, პრემიები და პრიზები: თბილისის საპატიო მოქალაქე, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, პრემია „საგურამო“, ღირსების ორდენი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, საქართველოს სახალხო არტისტი, საქართველოს დამსახურებული არტისტი.
ინგა ფერაძე
10 ოქტომბერს, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი მომღერალი ინგა ფერაძე.
ინგა ფერაძემ 1970-იან წლებში დაიწყო აქტიური შემოქმედებითი მოღვაწეობა – იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯაზის მომღერალი ქალი საბჭოთა კავშირის მასშტაბით; მღეროდა ანსამბლში „ორერა“, ოთხი წლის განმავლობაში, ანსამბლ „დიელოს“ უცვლელი სოლისტი იყო. 1980-იან წლებში მღეროდა ქალაქურ სიმღერებს.
2001 წელს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ინგა ფერაძე გაემგზავრა ბელგიაში, სადაც ცხოვრების ბოლო წლები გაატარა.
თემო გოცაძე
20 აგვისტოს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ფერმწერი, საქართველოს სახალხო მხატვარი თეიმურაზ გოცაძე.
გოცაძის ფერწერაში მთავარი ადგილი უჭირავსმითოლოგიურ სიუჟეტებს, სიმბოლურ ხატებს, პატრიოტულ თემებსა და აბსტრაქციებს. თემო გოცაძეს შექმნილი აქვს დიდი ფორმატის, მონუმენტური ხასიათის ფერწერული ნამუშევრები.
თემო გოცაძემ გამართა არაერთი პერსონალური გამოფენა როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. მხატვრის კოლექციები დაცულია მსოფლიოს ცნობილ მუზეუმებსა და გალერეებში.
გოგი ხარაბაძე
ქართველი მსახიობი, რეჟისორი, მწერალი, საქართველოს სახალხო არტისტი გოგი ხარაბაძე 81 წლის ასაკში, 17 აგვისტოს გარდაიცვალა.
გოგი ხარაბაძე დაიბადა 1942 წლის 12 ივლისს, თბილისში.
1963 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის სამსახიობო ფაკულტეტი. 1963–1993 წლებში მოღვაწეობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში.
მისი თეატრალური დებიუტი ახალგაზრდულ ექსპერიმეტულ სპექტაკლში შედგა. რობერტ სტურუას აქტუალურ, მწვავე სპექტაკლში „ბრალდება“.
ომარ მხეიძე
17 ივლისს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს სახალხო არტისტი, ანსამბლ "სუხიშვილების" ყოფილი მოცეკვავე ომარ მხეიძე.
ომარ მხეიძე 1953 წლიდან იყო საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლის წამყვანი სოლისტი, 1954 წლიდან – საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლის მოცეკვავე, სადაც 30 წლის განმავლობაში იდგა სცენაზე.
ომარ მხეიძეს ანსამბლთან ერთად გასტროლები ჰქონდა მსოფლიოს 87 ქვეყანაში.
თენგიზ მუშკუდიანი
საქართველოს სახალხო არტისტი, საოპერო მომღერალი და მსახიობი თენგიზ მუშკუდიანი 96 წლის ასაკში, 2 ივლისს გარდაიცვალა.
თენგიზ მუშკუდიანი 1954 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი და ასრულებდა ბანის პარტიებს.
იგი გადაღებულია კინოფილმებში: „აბეზარა“ და „დიდოსტატის მარჯვენა“.
ბესო მეგრელიშვილი
ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის წამყვანი მსახიობი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ბესო მეგრელიშვილი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ბესო მეგრელიშვილი თამაშობდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის, მეტეხის, რუსთავის, თავისუფალი, სამეფო უბნის თეატრებისა და თეატრალური სარდაფის სპექტაკლებში.
იგი მონაწილეობს ფილმებში: „მეტიჩარა“, „უძინართა მზე“, „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“, „თბილისი-თბილისი“ და სხვა; ტელესერიალებში: „ჩემი ცოლის დაქალები“, „ყავა და ლუდი“, „ჩვენი ოფისი“, „ჩიფსების თაობა“, „კლინიკა“, „ქიმია“ და სხვა.
ჯამლეტ ხუხაშვილი
5 აპრილს, 78 წლის ასაკში, გარდაიცვალა ცნობილი კომენტატორი და საკალათბურთო სპეციალისტი ჯამლეტ ხუხაშვილი.
1963 წლიდან იყო სპორტული კომენტატორი. 1994 წლიდან საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების უფროსი. 1990 წლიდან „მაქაბის“ კლუბის პრეზიდენტი. ავტორია საიუბილეო წიგნისა „ყურადღება“ (2004).
დასახელებულია „დინამოს“ საუკეთესო მწვრთნელად (1986), საუკეთესო სპორტულ კომენტატორად (2004). იყო სპორტული რადიო „ჯაკოს“ გენერალური დირექტორი.
ჯემალ ღაღანიძე
3 თებერვალს, 89 წლის ასაკში, გარდაიცვალა მსახიობი ჯემალ ღაღანიძე.
ჯემალ ღაღანიძე 1956 წელს წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. განსახიერებული აქვს სხვადასხვა ხასიათის მრავალი როლი.
გადაღებულია ფილმებში: „ჩემი მეგობარი ნოდარი“ (1968), „კარდაკარ“ (1960), „ფეოლა“ (1970), „ვინ არის დამნაშავე“, „კაპიტნები“ (1974).
ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე
15 იანვარს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, სიმღერების ავტორი ბუბა კიკაბიძე .
ბუბა კიკაბიძე 1959–1965 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1961–1963 წლებში უცხო ენათა ინსტიტუტში. 1959 წლიდან იყო ფილარმონიის არტისტი. 1967 წლიდან ვოკალურ ინსტრუმენტალურ ანსამბლ „ორერას“ სოლისტი.
კიკაბიძეს კინემატოგრაფიაში შექმნილი აქვს მრავალი დაუვიწყარი სახე, რომლებიც მაყურებელთათვის საყვარელი გმირები გახდნენ. მათ შორისაა ფილმები „არ დაიდარდო!“, „მიმინო“, „ვერის უბნის მელოდიები“ და სხვები.