დიდთოვლობისა და ყინვების გამო ევროპაში ისევ სატრანსპორტო კოლაფსია შექმნილი. შარლ დე გოლის აეროპორტში დაგეგმილი რეისებიდან ნახევარზე მეტი ისევ გადაიდო. უცხოული მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი ტერმინალიდან მგზავრთა ევაკუაციაც კი გახდა საჭირო, რადგან დიდთოვლობის გამო შენობის სახურავის ჩამონგრევის საფრთხე შეიქმნა.
რთული ვითარებაა ბელგიაშიც. ბრიუსელში ყოველი მეორე რეისი გაუქმებულია. ტერმინალები გადავსებულია და ხალხს ვეღარ იტევს. შექმნილია ტექნიკური მარილის დეფიციტიც, რის გამოც ქუჩებისა და გზების გაწმენდა გარკვეულწილად შეფერხებულია.
გერმანიაში კი უამინდობის გამო ავტობანები ჩაიკეტა. ათობით ადამიანი შობას მოყინულ გზებზე - მრავალკილომეტრიან საცობში შეხვდა. აღნიშნულის გამო გაიზარდა ავარიების რიცხვიც.
უამინდობაა ვენეციაშიც, სადაც ორი დღეა გადაუღებლად წვიმს. ქალაქის 57 % წყლითაა დაფარული.