ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის" წარმომადგენლებმა გურჯაანის რაიონის სოფელ ჭანდარში, დავალიანების მქონე აბონენტებს მრიცხველები გაუფრთხილებლად მოუხსნეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ჭანდარში მცხოვრებმა მაია ელიზარაშვილმა განუცხადა, გადასახადის გადახდამდე მას ერთი კვირა დრო კიდევ ჰქონდა, მაგრამ კომპანიის წარმომადგენლებმა მის ოჯახს ელექტროენერგიის მიწოდებაც შეუწყვიტეს და მისი კუთვნილი მრიცხველიც მოხსნეს.
„მონტიორმა ელექტროენერგიის მრიცხველი გაუფრთხილებლად მოხსნა და წაიღო. მიზეზის გასარკვევად „კახეთის ენერგოდისტრიბუციის" გურჯაანის სერვისცენტრს რამდენჯერმე მივმართე, მაგრამ მენეჯერს არცერთხელ არ შემახვედრეს. კომპანიის თანამშრომლებმა კი მითხრეს, რომ ახალ წლამდე ვალების მაქსიმალური ამოღება ხდება და დავალიანებას - 60 ლარს თუ არ გადავიხდი, მრიცხველს არ დაგიბრუნებთო. ამ თვეში 5 ლარის ელექტროენერგია მაქვს მოხმარებული და 60 ლარს მედავებიან. რამდენიმე თვის წინაც დამაწერეს ზედმეტი თანხა. მაშინ ვიდავე, სად აღარ ვიყავი და მერე მომიხსნეს დავალიანება. ეხლა კიდევ ცდილობენ რომ ფული გამომძალონ. მანამდე კი უშუქოდ დამტოვეს და ჩემი მრიცხველიც წაიღეს", - აღნიშნა მაია ელიზარაშვილმა. მისივე თქმით, „კახეთის ენერგოდისტრიბუციის" წარმომადგენლებმა მის გარდა სოფელ ჭანდარში მრიცხველები სხვა აბონენტებსაც მოუხსნეს.
„კახეთის ენერგოდისტრიბუციის" გურჯაანის სერვისცენტრის მენეჯერის ავთო ზარნაძის თქმით, აბონენტებს დავალიანება ერიცხებათ და ამ შემთხვევაში მრიცხველების მოხსნა გამართლებულია.