რუსეთის დუმამ, შესაძლოა, სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირება 24 დეკემბერს მოახდინოს. ამის შესახებ რუსეთის სათათბიროს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინ კოსაჩოვმა განაცხადა.
"ამ ხელშეკრულების რატიფიცირება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ აშშ-ის უსაფრთხოების პოლიტიკისადა ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვისაც. ეს ნაბიჯი დიდ გავლენას მოახდენს მსოფლიო პროცესებზე, მათ შორის ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობაზე, რომელიც პრობლემას წამოადგენს მთელი მსოფლიოსთვის", - აღნიშნა კოსაჩოვმა.
შეგახსნებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა რუსეთთან სტრატეგიული იარაღის შემცირების შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა. დოკუმენტი 71 ხმით 26-ის წინააღმდეგ იქნა მიღებული.
როგორც ცნობილია, დოკუმენტი სენატში მაისში შევიდა, თუმცა მისი რატიფიცირება "რესპუბლიკელი" სენატორების მხრიდან გამოთქმული შენიშნვნების გამო გაჭიანურდა.
ხელშეკრულებას, რომელსაც ხელს აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დიმიტრი მდვედევი აწერენ, 10 წელზეა გათვლილი და ბირთვული იარაღის ორჯერ შემცირებას ითვალისწინებს.