იმის გარდა, რომ შიგნით, ლიდერებს შორის პრობლემა აქვთ, პრობლემა აქვთ, რომ სამომავლო გეგმა არ გააჩნიათ, პრობლემა აქვთ, რომ მომავლის ლიდერიც არ გააჩნიათ პარტიაში, კომპასის პრობლემაც აქვთ - დასავლეთი საითაა და ჩრდილოეთი, რეალურად ამ პოლიტიკურ ძალას ეს არ ესმის და უბრალოდ თავის ამომრჩეველს ატყუებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„რეალურად, მათი საქმიანობის პერიოდში საქართველოს არც ერთი დადასტურებული წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე არ ჰქონია. თუ თქვენ რაიმე გახსენდებათ, ევროკავშირის რომელიმე გადაწყვეტილება, ისე, როგორც „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში იყო: ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა, უვიზო მიმოსვლის მონიჭება, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შეთავაზება საქართველოსთვის, ევროპული პერსპექტივის აღიარება საქართველოსთვის და ახლა კანდიდატის სტატუსი, თუ რაიმე მსგავსი გახსენდებათ, მაშინ მათ შეიძლება ჰქონდეთ პრეტენზია, რომ რაღაც პროდასავლური გაუკეთებიათ, მაგრამ, რაც ჩვენ გვახსოვს, მათი საქმიანობიდან ყველაფერი იყო ანტიევროპული და დასავლეთის სახელით ისინი ადამიანებს ჩაგრავდნენ, ღირსებას ულახავდნენ, აწამებდნენ, ართმევდნენ ქონებას, ჟურნალისტებს აპატიმრებდნენ. ასეთი ევროპა არავის წარმოედგინა, როდესაც ეს ძალა ხელისუფლებაში მოდიოდა. მათ მოახერხეს, რომ ევროპისა და დასავლეთის სახელით ყველაზე ცუდი საქმეები გააკეთეს საქართველოში. დღეს არ აქვთ მორალური და პოლიტიკური უფლება, რომ ისევ დასავლეთის სახელით ისაუბრონ. ეს არის რეალურად იაფფასიანი, მიწებება დასავლეთზე. ანუ, დასავლეთთან ამ პოლიტიკურ პარტიას არც ღირებულებითი, არც ლიდერების თვალსაზრისით არავითარი საერთო არ აქვს“, - განაცხადა თალაკვაძემ.