ეს ლაჩარი, რომელიც შენობიდან გაიპარა, მაშინ როდესაც ჩვენ მისი ალკოჰოლური შემოწმება მოვითხოვეთ, სხვათა შორის, წარსულში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ყოფილა, რაზეც ძალიან ვწუხვარ, - ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
„ლევან მგალობლიშვილი დღეს აშკარად ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში იმყოფებოდა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ეს ლაჩარი, რომელიც შენობიდან გაიპარა, მაშინ როდესაც ჩვენ მისი ალკოჰოლური შემოწმება მოვითხოვეთ, სხვათა შორის, წარსულში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ყოფილა, რაზეც ძალიან ვწუხვარ. მედროვე, ლაჩარი მგალობლიშვილი პირველად არ ესხმის თავს ქალ დეპუტატს. ის ასევე, თავს დაესხა ქალ ჟურნალისტს და სხვა ქალ პარლამენტის წევრებს. თქვენგან, ბატონო შალვა განსაკუთრებით რეაგირებას არ ველოდები, რადგან თავად არ ერიდებით ფიზიკურ ძალადობასაც კი, ქალი კოლეგების წინააღმდეგ ამ სხდომათა დარბაზში. ვინმეს ახსოვს ლევან მგალობლიშვილის გამოსვლა პარლამენტში? ან „მინისტრის საათზე“, ან საარჩევნო კოდექსზე, ან სასამართლოს რეფორმაზე, ან სახელმწიფოს ბიუჯეტზე, ან რომელიმე საკითხზე? არა, იმიტომ, რომ ამ მდუმარე სამარცხვინო დეპუტატს საპარლამენტო ტრიბუნა და მიკროფონი არ გამოუყენებია სამი წლის მანძილზე არც ერთხელ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიკროფონი მოხსნა და მას აქეთ-იქით იქნევდა. ფაქტია, რომ ქალი დეპუტატები „რუსული ოცნების“ განსაკუთრებული სამიზნე ვხდებით, იმიტომ, რომ ჩვენ ხშირად ყველაზე უკომპრომისოდ ვიბრძვით „რუსული რეჟიმის“ წინააღმდეგ და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის,“ - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს, უსმენენ დაპირისპირება იყო. "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ლევან მგალობლიშვილმა, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ თინა ბოკუჩავას "ნაბიჭვარი" უწოდა, ანა წითლიძეს კი მიკროფონი მოუქნია.