თუ უცხო ქვეყნის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ტერორისტული შეტევა განხორციელდება, რუსეთი თავს შეიარაღებული ძალების გამოყენებითა და სხვა საშუალებებით დაიცავს. ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ინდოეთის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში სტუდენტების კითხვებზე პასუხის გაცემისას გააკეთა.
"თუ უცხო ქვეყნის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ტერორისტული შეტევა განხორციელდება და ჩვენ დარწმუნებულები ვიქნებით, რომ ეს უცხოური სახელმწიფო ტერორისტებს მფარველობს, ჩვენ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს დავიცავთ ჩვენი შეიარაღებული ძალებისა და სხვა საშუალებების გამოყენებით, რომელიც სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვისათვის გააჩნია. ამაში ეჭვი არავის შეეპაროს", _ განაცხადა მედვედევმა და დასძინა, რომ "რიგ შემთხვევებში ჩვენ ვალდებულნი ვართ ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა ყველა შესაძლო მეთოდით დავიცვათ".
"ჩვენი კანონმდებლობა პრეზიდენტს ამ უფლებამოსილებას აძლევს", _ აცხადებს მედვედევი და საუბარს საქართველოზე აგრძელებს. მისი თქმით, რუსეთს ასევე მოუწია თავის დაცვა მაშინაც როდესაც საუბარი ტერორისტულ შეტევაზე არ მიმდინარეობდა.
"ეს იყო სამხედრო იერიში, ერთ-ერთი მეზობლის მხრიდან - ეს იყო საქართველო 2008 წელს. მაშინ საქართველოს ხელისუფლების სამხედრო აგრესიის გამო დაიღუპა 50-ზე მეტი რუსი მშვიდობისმყოფელი, რომლებიც მაშინ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იდგნენ. ჩვენ პასუხის გაცემა მოგვიწია. ყოველივე ამან კი მსოფლიოში საკმაოდ მწვავე რეაქცია გამოიწვია, თუმცა მე არავითარი ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ მაშინ ჩვენ სამართლიანად ვმოქმედებდით და ყველა ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამართლებრივ ჩარჩოში იჯდა, იმიტომ რომ რუსეთის მოქალაქეებისა და იმ ადამიანების სიცოცხლეს ვიცავდით, რომლებიც ჩვენს გვერდით ცხოვრობდნენ", _ განაცხადა მედვედევმა და აღნიშნა, რომ მისი აზრით ასეთი უფლება ყველა სახელმწიფოს აქვს.
"და თავად სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს რა სიტუაციაში უნდა გამოიყენოს მან ეს უფლება და რა სიტუაციაში უნდა შეიკავოს თავი. თუმცა მანამ ვიდრე ყველა სამშვიდობო გზა ამოწურული არ არის შეიარაღებული ძალების ამოქმედება დაუშვებელი და არარაციონალურია", _ აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი.