რამდენადაც ერთი რიგითი მორწმუნე მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ძალიან ძვირფასია უწმინდესის თითოეული სიტყვა, იმდენად ვისურვებდი, რომ ერის სულიერი მამისგან პოლიტიკურ შეფასებებს არ ვისმენდე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ბოკუჩავამ კომენტარი გააკეთა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის განცხადებაზე, რომელშიც მან აღნიშნა: „ევროკომისიის გადაწყვეტილება ჩვენი ხალხისა და ხელისუფლების ძალისხმევით მიღწეული შედეგია, ყველას ვულოცავთ ამ წარმატებას“.
„რა თქმა უნდა, კანდიდატის სტატუსი არის ქართველი ხალხის დამსახურება და ამას ხაზს უსვამს ყველა პოლიტიკური აქტორი ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, გარდა რუსული ოცნებისა, რომელიც, სამწუხაროდ, ხედავთ, მიზანმიმართულად საბოტირებდა ამ პროცესს. თუმცა, მოხარული ვარ, რომ სწორედ ქართველი ხალხის ხმა და ნება აღმოჩნდა უფრო ძლიერი და გადამწყვეტი ევროკავშირისთვის“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.