საქართველო მოთხოვნებს ყველა პარამეტრით აკმაყოფილებს, იქნება ეს ასოცირების ხელშეკრულებისა თუ რეკომენდაციების შესრულება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„როგორც კი, ქვეყანას რეკომენდაციები მიეცა, მეორე დღესვე, ოპოზიციამ სტრატეგიის ჩამოყალიბება დაიწყო, როგორ შეეშალა ხელი სტატუსის მინიჭებისთვის და როგორ მომხდარიყო 11 რეკომენდაციის საბოტაჟი. სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა არ მიიღეს და მათი განცხადებები მუდმივად მიმართული იყო იმისკენ, რომ ქვეყანას სტატუსი არ მიეღო თითქოს, საქართველოში არსებობდა რუსეთთან რაღაც ფარული და პოლიტიკური გარიგებები, რაც არანაირად არ დადასტურდა – ქვეყანაში არანაირი „შავი ხვრელი“ არ აღმოჩნდა. რაც შეეხება გეოპოლიტიკურ მდგომარეობას, რა საკვირველია, უფრო მეტი წონა მიეცა მსოფლიოს მომავალ არქიტექტურაში და ევროპული სტანდარტების მქონე ქვეყნის პოლიტიკური წახალისება უნდა მოხდეს. საქართველო მოთხოვნებს ყველა პარამეტრით აკმაყოფილებს – ასოცირების ხელშეკრულების თუ რეკომენდაციების შესრულება იქნება. საქართველოს არჩეული მთავრობით ის სტატუსი ეკუთვნის, რასაც იმსახურებს. ქვეყანა ბევრი მონაცემით წინ არის ევროკავშირის თუ ნატო-ს ზოგიერთ წევრ ქვეყანასთან შედარებით. ოპოზიცია არის მტრული ბანაკი, რევოლუციური კომიტეტი, რომელიც სხვაზე არაფერზე არ ზრუნავს გარდა იმისა, როგორმე დესტაბილიზაციის საფუძველი მიეცეს. რაც შეეხება ანგარიშს და შეფასებას, გამორიცხულია, რომ კრიტიკა და მოსაზრებები არ იყოს. ამან კი არ უნდა გაგვაღიზიანოს, პირიქით, სამუშაო რეჟიმში უნდა ვიყოთ. ქვეყანა ბევრი პარამეტრით წინ არის და ფაქტებს გვერდს ვერ ავუვლით, თუმცა პროცესი დამამთავრებელ ეტაპად გამოვაცხადოთ, სწორი არ იქნება“, – განაცხადა ვოლსკიმ.