ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი კირბალში, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე საუბრისას ამბობს, რომ პოლიტიკოსთა გარკვეული ჯგუფი, მათ შორის, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "თამაზ გინტურის სიკვდილით გახარებულია".
"რაღა სააკაშვილი, რაღა ლევან ხაბეიშვილი და რაღა სალომე ზურაბიშვილი. რასაკვირველია აქციაც უნდა ჩატარდეს, ხალხიც უნდა გამოვიდეს, თავისი პოზიცია უნდა გამოხატოს, მაგრამ ასეთი გახარებული ამ ადამიანის სიკვდილით პოლიტიკოსთა ჯგუფი, სალომე ზურაბიშვილი, მათ შორის, არ ეკადრება ჩვენს ქვეყანას, მითუმეტეს ამ უმძიმეს ვითარებაში, რომელიც შექმნილია ამ ქვეყანაში.
მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილს ვერანაირად ვერ აუბამს თავს. სალომე ზურაბიშვილმა სტატუსთან დაკავშირებით თავისი პოზიცია უკვე დააფიქსირა პარლამენტშიც, 26 მაისსაც და ეს იყო საქართველოსთვის დამაზიანებელი განცხადებები იმდენად, რამდენადაც აბსოლუტურად ამოვარდნილი იყო სიმართლის ნებისმიერი ჩარჩოდან და ვფიქრობ, ღირსების თემაა, რომ ცოტა ხანს მაინც გაჩუმდეს, მითუმეტეს ასეთ ვითარებაში, როდესაც ესოდენ მნიშვნელოვანი საკითხი წყდება ჩვენთვის. ეს ღირსება არ გააჩნია, თან თვალთმაქცური ყალბი განცხადებები, ვითომდა მონდომებულია რომ საქართველომ სტატუსი მიიღოს", - აცხადებს ვოლსკი.