რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენებს, მათ შორის ქართველებს, რუსეთის სახელით ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადა.
აღნიშნული განცხადება პუტინმა სანკტ-პეტერბურგში ახლად გახსნილ ფიზკულტურის დარბაზში ძიუდოისტებთან ერთად ვარჯიშის შემდეგ გააკეთა.
"რუსეთის ძიუდოისტთა ნაკრებში არიან სპორტსმენები საქართველოდან, აფხაზეთიდან, ჩრდილოეთ კავკასიიდან, სამხრეთ ოსეთიდან, ციმბირიდან, პეტერბურგიდან და ისინი ყველანი რუსეთის ინტერესებისთვის იბრძვიან და ამისთვის მადლობა მინდა ვუთხხრათ მათ", - აღნიშნა რუსეთის პრემიერმა.
ვლადიმერ პუტინმა ვარჯიშის დასრულების შემდეგ ძიუდოს ნაკრების წევრებთან ერთად სამახსოვრო ფოტოც გადაიღო.