ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა სენატის მიერ რუსეთთან სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას გამოეხმაურა.
როგორც პრეზიდენტმა ობამამ აღნიშნა, მსგავსი მნიშვნელობის დოკუმენტი ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში არ გაფორმებულა, რომელიც უსაფრთხოების კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
"მოხარული ვარ, რომ რესპუბლიკელები და დემოკრატები შეთანხმდნენ და დაამტკიცეს ეროვნული უსაფრთხოების ჩემი უმთავრესი პრიორიტეტი - სტრატეგიული იარაღის შემცირების ახალი ხელშეკრულება. ეს არის იარაღის კონტროლის კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანი ხელშეკრულება ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში. ის ჩვენთვის მეტ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და შეამცირებს ჩვენი და რუსეთის ბირთვულ არსენალს", - აღნიშნა ობამამ.
ამასთან, სენატის მიერ ხელშეკრულბის დამტკიცებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონიც გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ დოკუმენტის გაფორმების შემდეგ რუსეთის ბირთვული ობიექტების ინსპექტირება მალევე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სენატმა რუსეთთან სტრატეგიული იარაღის შემცირების შესახებ ხელშეკრულების 71 ხმით 26-ს წინააღმდეგ რატიფიცირება მოახდინა. ხელშეკრულებას, რომელაც ხელს აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი აწერენ, 10 წელზეა გათვლილი და ბირთვული იარაღის ორჯერ შემცირებას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების რატიფიცირება რუსეთის დუმას ჯერ არ მოუხდენია.